ქართული ღვინის ექსპორტი ისე არ გაიზარდა, როგორც მთელი ინდუსტრია ველოდით, - ამის შესახებ BM.GE-სთან ქართული მეღვინეობის კომპანია „თელიანი ველის“ კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ბოკუჩავამ განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიამ გასული წელი მაინც წარმატებულად დახურა.

„25 წელი საკმაოდ კარგი წელი იყო. ქართული ღვინის ექსპორტი ისე არ გაიზარდა, როგორც მთელი ინდუსტრია ველოდით, მაგრამ ჩვენი კომპანიისთვის მაინც წარმატებული წელი იყო. [2024 წელთან შედარებით,] დაახლოებით 8%-ით გაგვეზარდა წარმოება, ასევე გაზრდილია გაყიდვებიც. განსაკუთრებით, წარმატებული იყო პოლონეთისა და ბრიტანეთის ბაზრები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

"თელიანი ველის" კომერციული დირექტორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი წელს რთული იყო ტარიფების და გაურკვეველი პოლიტიკის გამო, თუმცა წლის ბოლოს მდგომარეობა დასტაბილურდა: „ბოლო მეოთხედი საკმაოდ პოზიტიური იყო,“ – აღნიშნა მან.

ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ გადაწყვიტა ფასების კორექტირება როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზარზე: „ფასების კორექტირება საჭირო გახდა, რადგან მთელი წლის განმავლობაში ბაზარზე ფასები გაიზარდა. ახალი ცვლილებები, ძირითადად, 5%-ის ფარგლებში იქნება და დამოკიდებული იქნება ქვეყანაზე. საახალწლო პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც ფასების გადახედვას არ გამოვრიცხავთ“, – თქვა მან.

bm.ge