სასტუმროების მფლობელებისა და სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოს სასტუმროების სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირდა. ძირითადი მიზეზი ინვესტიციის უკუგების გაზრდილი პერიოდია.

საქმე ის არის, რომ ინვესტიციის უკუგება (ROI) არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ინვესტიციის მომგებიანობის შესაფასებლად.

ბიზნესმენების შეფასებით, მიუხედავად ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდისა, სასტუმრო ბიზნესის რენტაბელობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე წლიურად საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი იზრდება.

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „KA ჯგუფის“ დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის აზრით, საქართველოს სასტუმროების სექტორი დღეს საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველია.

როგორც ირაკლი ჭიღლაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ 2025 წლის შედეგების შეფასებისას განაცხადა, თუ პანდემიამდე სასტუმროების ბიზნესში ინვესტიციის უკუგების პერიოდი 7-8 წელი, ახლა 15-20 წელია, რაც სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე დადებითად არ მოქმედებს.

“ინვესტორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ახლა, დამატებითი სასტუმროს გახსნაზე რეკომენდაციას [არავის] ვუწევ. ერთადერთი ქალაქი ქუთაისია, რომელსაც მიმაჩნია, რომ პერსპექტივა აქვს, რადგან ყოველთვის ოთახფონდის პრობლემაა, განსაკუთრებით ცხელ სეზონზე. სხვა რეგიონებში, ჯერჯერობით, რეკომენდაციას არ ვუწევ [სასტუმრო ბიზნესში ინვესტირებას], თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ბიზნესის მფლობელის ხედვაზე - თუ ინვესტორისთვის სასურველია უკუგების 7-8-წლიანი პერიოდი, უარს ვეტყვი, ხოლო თუ 15-20-წლიანი პერიოდი მისაღებია, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ აქვს პერსპექტივა [სასტუმროს გახსნას”, - განმარტა ირაკლი ჭიღლაძემ.

ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს კომპანია „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი პაატა კოკაია.

„ჩვენ 2015 წელს გავხსენით პირველი სასტუმრო; 2017 წელს მეორე სასტუმრო და იმ პერიოდში 6 წელიწადში შეგეძლო შენი თანხა დაგებრუნებინა“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში საწოლების რაოდენობა (საწოლფონდი) რეკორდულად გაიზარდა, რაც კონკურენციას ამძაფრებს და წლიურად ტურისტების 5-7%-იანი ზრდა საკმარისი არაა.

დღესდღეობით, „Inn ჯგუფი“ სასტუმროებს ფლობს თბილისში, გუდაურში, გორსა და ქუთაისში.

„ტურიზმში თანხები მეტი შემოდის, თუმცა 2019 წელთან შედარებით, ქვეყანაში 50%-ითაა გაზრდილი საწოლების რაოდენობა... ანუ სოკოებივით მრავლდება სასტუმროებიც. ბევრად მეტი [ვიზიტორი] გვჭირდება... რა თქმა უნდა, რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, მაგრამ რეკორდულია საწოლფონდების რაოდენობაც...“ - აცხადებს ბიზნესმენი.

სასტუმროების ბიზნესის კრედიტებს ისევ დეველოპმენტი "იხდის"? - ჰკითხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანმა პაატა კოკაიას, რაზედაც ბიზნესმენმა დადებითი პასუხი გასცა - „ძირითადად, კი“.

Galt & Taggart-ის შეფასებით, „თბილისში ქსელური სასტუმრო ოთახების რაოდენობა 2019-2024 წლებში 1.8-ჯერ გაიზარდა.ზრდა თითქმის თანაბარი იყო საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში.

bm.ge