"ახალი წლის დღეებში, როდესაც ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, თოვლიანობა დაემთხვა და ჯავშნები ან სრულად, ან მინიმუმ 50%-ით მაინც გაგვიუქმდა", - ასე აფასებს სადღესასწაულო პერიოდის ტურისტულ სეზონს რაჭაში მდებარე სასტუმრო "გარემოს" დამფუძნებელი თამარ დავითულიანი.

წინა საახალწლო პერიოდი რაჭაში დიდთოვლობით დაიწყო, რასაც რეგიონში მისასვლელი სამივე გზის პერიოდული ჩაკეტვა მოყვა. "გარემოს" დამფუძნებელი კი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დამსვენებლების მხრიდან ამ დღეებისთვის ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა უგზოობის გამო სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა.

"მოთხოვნა არის, მაგრამ პირობები არ გვიქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სერვისი სრულყოფილად შევთავაზოთ. შესაბამისად, ჩავთვალოთ, რომ ტურისტული სეზონი კარგად ვერ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თოვლზე, უგზოობაზეა დამოკიდებული. ხალხი შეფერხდა, შეშინდა და ჯავშნები წინასწარვე გააუქმეს. აღარ იცოდნენ რა ექნათ, იმიტომ რომ ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორი მანქანით წამოვიდოდნენ და ყველას ერთნაირი პირობა არ აქვს, რომ რაჭის გზებზე გადმოსვლა შეძლონ", - ამბობს თამარ დავითულიანი.

მისივე ცნობით, თოვლს და გზების ჩაკეტვას უშუქობაც დაერთო, რამაც რამდენიმე დღის განმავლობაში გასტანა.

"ვიღაცები რომ გადმოვიდნენ, მაინც მოხდა რაღაც და შუქი ჩაქრა, ეს პრობლემა ამეორე საღამომდე გაგრძელდა, მოგვრება მომენტალურად არ ხდება. საღამოს ცხრა საათზე რომ სტუმარს შუქი ჩაუქვრება, მეორე საღამოს ცხრა საათზე გაჩრება აღარავის სურს", - აღნიშნა "გარემოს" დამფუძნებელმა.

და თამარ დავითულიანი რაჭაში ზამთრის ტურისტული სეზონის კიდევ ერთ გამოწვევად წყლის გრაფიკით მიწოდებას ასახელებს, რომელიც მთავარ პრობლემას გათბობის სისტემას უქმნის.

"წყალი შეზღუდული რაოდენობით მოდის, გრაფიკულად უშვებენ, ეს აფერხებს იმას, რომ ცხელი წყლის უზრუნველყოფა შევძლოთ. თუ არ დატოვე მოშვებული, მაშინ იყინება, ამ დროს კიდევ ღამე წყლის დატოვების საშუელაბა არ გაქვს, რადგან ან გათიშულია, ან ის რაოდენობა არ მოდის, რომ ყველა კოტეჯში წყალი მოშვებული დატოვო და ასე, წყლის გამათბობლებიც იყინება", - ამბობს დავითულიანი.

ყველა გამოწვევის ფონზე, ტურისტული ობიექტის წარმომადგენლები აღნიშნავს, რომ ახლა უკვე დამსვენებლების მხრიდან ობიექტის დაჯავშნამდე პირველი კითხვა ისაა, გზა თუ ნამდვილად იქნება, შუქი და წყალი თუა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იმას იწვევს, რომ მომავალში მომხმარებლის რაჭისკენ მიბრუნება სულ უფრო რთული ხდება.

bm.ge