სასურსათო პროდუქტების ფასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო უკვე შეიქმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ეკონომისტები საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდებიან - ისინი პრემიერის ინიციატივას მიესალმებიან და პროდუქტების გაიაფებას გაზაფხულიდან ელიან. ზუსტი ციფრის დასახელება, რამდენი პროცენტით გაიაფდება სურსათი, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა პროდუქტი, საწყის ეტაპზე, 15-დან 20%-მდე უნდა გაიაფდეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გარდა, საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

სურსათისა და მედიკამენტების მაღალი ფასები არის თემა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ფენას. ამიტომ, პრემიერის განცხადება მათ გულზე მოხვდათ და სულმოუთქმელად ელიან კონკრეტულ შედეგებს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, "რეზონანსი" დაუკავშირდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. დავინტერესდით, რეალურად, რა მიმართულებით დაიწყებდა საბჭო მუშაობას, თუმცა სააგენტოდან გვაცნობეს, რომ ვიდრე საბჭო არ შეიკრიბება და პრემიერი კონკრეტულ დავალებებს არ გასცემს, იქამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ცხადია, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას თვალყურს და პირველივე სხდომის შემდეგ დავუკავშირდებით კონკურენციის სააგენტოს, ოღონდ მთავარ კითხვებს ახლავე დავსვამთ: ბატონებო, მაინცდამაინც პრემიერმა უნდა შემოჰკრას განგაშის ზარი, რომ მიხვდეთ, რამდენად ძვირია სურსათი? თავად რატომ არ შეისწავლეთ ეს საკითხი, თქვენივე კომპეტენციის ფარგლებში?

იმედი გვაქვს, ეს კითხვები რიტორიკული არ იქნება და მათზე კონკრეტულ პასუხებს მივიღებთ. მანამდე კი, სტატისტიკოსი და ეკონომისტი, ნოდარ კაპანაძე საუბრობს იმაზე, რომ სურსათის მაღალი ფასი შესაძლო კარტელურმა და მონოპოლიურმა გარიგებებმა და არაბუნებრივად მაღალმა ფასნამატმა განაპირობა. რაც შეეხება პრემიერის თავმჯდომარეობით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს, ნოდარ კაპანაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ამ კომისიის შემადგენლობა სრულიად ლოგიკურია:

„ეს ხალხი აუცილებლად უნდა იყოს ამ კომისიაში. იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, არის ფრთხილი ოპტიმიზმი, ვინაიდან რეალურად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოსტსაბჭოთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი დააყენა ეჭვქვეშ. ლიბერალური ხედვის მთავარი დოგმატია ის, რომ ბიზნესმენი უცოდველია და მან ყველაფერი ყველაზე კარგად იცის.

თუ რატომ მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, აგიხსნით. იდეა ბრწყინვალეა, მაგრამ მთავარია, როგორ შესრულდება. კომისია, თავისთავად, ვერაფერს შეასრულებს, კომისიამ უნდა მისცეს მიმართულება. თუ ამ საქმეს ჩააბარებენ „ენჯეოშნიკებს“ ან საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, ორივე შემთხვევაში, არაფერი გამოვა იმიტომ, რომ „ენჯეოშნიკები“ არიან ხალხი, რომლებიც ხედავენ ხეს, მაგრამ ვერ ხედავენ ტყეს, ხოლო საშუალო რგოლის ჩინოვნიკი ნებისმიერი ცვლილებების დაუძინებელი მტერია და არა იმიტომ, რომ ბოროტია, უბრალოდ, კომფორმიზმი მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. მოკლედ, ჭაობის დაშრობის გეგმა წურბელების კომისიას არ უნდა დაავალო.

სამთავრობო კომისიამ ეს საქმე უნდა აიყვანოს პრესინგული კონტროლის რეჟიმში. მე მათ ვურჩევდი, რომ გამოაცხადონ ღია კარის დღე და თქვან, რომ ვისაც გაქვთ რამე იდეა, მოიტანეთ და წარმოადგინეთ, ოღონდ იდეა უნდა იყოს არა ზოგადი სადღეგრძელოების დონეზე, არამედ უნდა იყოს კონკრეტული მითითებები - სად რა ცვლილება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. რაც მთავარია, საბჭომ უნდა დაადგინოს, როგორი უნდა იყოს რეგულირების მექანიზმი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭომ უნდა შეისწავლოს ფასწარმოქმნა თითოეული პროდუქტის წარმოშობის ადგილიდან, ვიდრე მომხმარებლამდე. შესაძლოა, ზოგიერთ პროდუქტზე ფასნამატის ზღვრული ზედა ნორმაც დაწესდეს.

„საბჭომ ფასწარმოქმნა უნდა შეისწავლოს თითოეული პროდუქტის კლასიფიკაციის მიხედვით. ვგულისხმობ იმას, რომ დიდი მაღაზიების, ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების მუშაობის ციფრული მექანიზმი მოწესრიგებულად თავმოყრილი უნდა იყოს, ხოლო შემდგომ, კონკურენციის სააგენტომ უნდა იმუშაოს განუწყვეტელ რეჟიმში და განახორციელოს ყველაფრის მონიტორინგი“, - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ.

მისი აზრით, თუ საკოორდინაციო საბჭო კარგად იმუშავებს, საზოგადოება ამ მუშაობის შედეგს ხუთ-ექვს თვეში იხილავს. რაც შეეხება პროდუქტების გაიაფებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროდუქტების ფასები, დაახლოებით, 15-დან 20%-მდე შეიძლება შემცირდეს.

პროდუქტების გაიაფების ნაწილში, ნოდარ კაპანაძეს ეთანხმება პოლიტოლოგი და ეკონომიკის ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დიდ სუპერმარკეტებში ასობით სახეობის პროდუქციაა, ამიტომ ძნელია, ზუსტად ვთქვათ, რამდენი პროცენტით გაიაფდება თითოეული მათგანი. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი პროდუქტის ფასი - 80%-ით, ზოგიერთის კი - 5-დან 20%-მდე შემცირდეს:

„კონკრეტულ ციფრს ვერ ვიტყვი, მაგრამ იმ პროდუქტებზე, რომელთა ღირებულებაც აშკარად ალოგიკურია, საკმაოდ დიდ ფასდაკლებას ველოდები. ალბათ, ყველაზე ოპტიმალური დრო, როდესაც ამ შედეგს ველი, გაზაფხულია, რადგან  ამ დროს უკვე წინასწარი მონაცემები გვექნება გარკვეულ საქონელთან დაკავშირებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, ბიზნესმა თვითონვე მოკლა თავისუფალი ბაზარი მაშინ, როცა მცირე მეწარმეები მიიერთა, შესაბამისად, ახლა ბაზარი თავისუფალი ისედაც არ არის, რადგან მასზე გავლენას ახდენს ხუთი-ექვსი ოპერატორი. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს, ჩიხელიძე ამ ფაქტს პოზიტიურად აფასებს, რადგან სწორედ საბჭომ უნდა შეისწავლოს ეს პრობლემა ძირეულად:

„კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის ძარცვა მიმდინარეობს. შესაბამისად, უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და მისი შესაბამისი სტრუქტურები და თუ რამე გადაცდომა იქნება, რეაგირებაც შესაბამისი უნდა იყოს. პროდუქტების ფასი იმიტომ იზრდება, რომ ამ ბაზარზე არ არიან მცირე მოთამაშეები, ბაზარი უჭირავს მსხვილ სუპერმარკეტებს და მათ შორის ხშირია იდენტური ფასები. შეუძლებელია, ხუთმა-ექვსმა კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ ერთსა და იგივე დღეს ჰქონდეთ ფასდაკლება ან ერთსა და იგივე დღეს გააძვირონ საქონელი. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ მათ შორის გარკვეული გარიგება არსებობს, რასაც შეისწავლის კონკურენციის სააგენტო“, - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოს კონტროლი საკმაოდ მკაცრია. იქ გარკვეული სასურსათო კალათა არსებობს და მასში შემავალ პროდუქტებზე ფასის მომატება თითქმის შეუძლებელია:

„როდესაც გვესმის, რომ ევროპაში დაბალი ფასია, ამას სახელმწიფოს კონტროლი განაპირობებს. სწორედ სახელმწიფოა იმის გარანტი, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნესი არ იყოს ბაზარზე და მათ გაითვალისწინონ მოსახლეობის საჭიროება. ერთია მოგება, ხოლო მეორეა მორალური მხარე და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება საზოგადოების ძარცვაზე ბიზნესის აგება“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.

წყარო: რეზონანსი