კახეთში სასტუმროები კრიზისზე საუბრობენ - ამბობენ, რომ შეცვლილი ტურისტული სეგმენტის პირობებში მოთხოვნა რეგიონში დასვენებაზე შემცირდა.

McInerney Hospitality International, ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი ამბობს, რომ კახეთი ტურისტულად მიმზიდველი წლების განმავლობაში იყო, რის გამოც სასტუმროებმა მაღალი ფასები დააწესეს, ამ ფასებს კი შეცვლილმა ტურისტულმა სეგმენტმა შესაბამისად ვერ უპასუხა.

მისი შეფასებით, კახეთში სასტუმროებს ფასწარმოქმნის შეცვლა და არსებულ რეალობაზე მორგება მოუწევთ. თუმცა მიღმა ამისა, რეგიონის მიწვდომადობასთან დაკავშირებით სახელმწიფომაც უნდა გადადგას ნაბიჯები.

“კახეთმა საკმაოდ მაღალი დატვირთვა აჩვენა არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში. თითქმის წლის ოთხი სეზონის მიმართულებად გადაქცევას აპირებდა კახეთი და შესაბამისად, თავი გაინებივრეს საკმაოდ მაღალი ფასებით. კახეთში შაბათ-კვირას დასვენება ასოცირდებოდა ევროპაში გაფრენასთან და იქ დარჩენასთან ბიუჯეტურ სასტუმროში. ამიტომ ამ ადამიანებს, მფლობელებს ახლა უწევთ იმ მოგების მარჟებიდან და იმ ფასებიდან გამომდინარე რეალობასთან შეგუება, იმიტომ რომ ეს ის აღარ არის, რაც ადრე იყო, იმიტომ რომ შეიცვალა ზოგადად ბაზარი.

რა თქმა უნდა, ეს დასტაბილურდება. ეს ვარდნა მოსალოდნელი იყო და ცხადია. ისინიც მოახდენენ მდგომარეობის დასტაბილურებას ფასწარმოების ან კადრების შემცირების ხარჯზე, ან ზოგადად მეტი რეკლამირების ხარჯზე იმ სეგმენტში, სადაც მათი პოტენციური მომხმარებელია. გარდა ტურიზმზე ზოგადად გავლენა იქონია ასევე პოლიტიკურმა მოვლენებმაც, განსაკუთრებით სენსიტიურია ტურიზმი პოლიტიკურ მდგომარეობის მიმართ და შესაბამისად, ესეც იწვევს თავისებურ რყევებს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ კახეთში სასტუმროები დაიხურება. მე მგონი, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რომ გააკეთოს რკინიგზა, რომ ადამიანებს ქვეყნის შიგნით შეეძლოთ ერთ საათში კახეთში მატარებლით ჩასვლა. ასევე აეროპორტი, ჰელიკოპტერები შეიძლება განვითარდეს, იმიტომ რომ უკვე გაჩნდა ადამიანების რაოდენობა, რომელსაც შეუძლია ამ მომსახურებით ისარგებლოს,” - ამბობს McInerney Hospitality International, ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.

წყარო: bm.ge