დიდი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე ანტიბიოტიკებზე დამოკიდებული გავხდებოდით, ინფექციების სამკურნალოდ ადამიანები ხშირად მცენარეულ ტრადიციულ მედიკამენტებს მიმართავდნენ.

ირლანდიურ და ევროპულ ტრადიციულ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ პატარა ველური ყვითელი ყვავილის, მარწყვაბალახის (Potentilla erecta) ფესვებს. ეს მცენარე გავრცელებულია დასავლეთ აზიასა და ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც.

იყენებდნენ ჭრილობების, ყელის ტკივილის, დიარეისა და ღრძილების დაავადებების სამკურნალოდ. ასეთი ტრადიციული გამოყენება მიუთითებდა, რომ მარწყვაბალახი უნდა შეიცავდეს მიკრობების დასახოცად საკმარისად ძლიერ ნაერთებს.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტისა და ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მარწყვაბალახს არა მხოლოდ ანტიმიკრობული აქტივობა აქვს, არამედ შეიძლება იმდენად ძლიერიც იყოს, რომ შეებრძოლოს იმ მიკრობებს, რომლებიც თანამედროვე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული არიან.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა მზარდი გლობალური საფრთხეა. ეს მაშინ ხდება, როცა ბაქტერიებს ჩვეულებრივი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებისგან გადარჩენის უნარი უვითარდებათ.

ამის გამო, ზოგიერთი ინფექციის მკურნალობა ძალიან რთული ან ზოგჯერ შეუძლებელია. ანტიმიკრობულმა რეზისტენტობამ შეიძლება დაგვაბრუნოს უკან, იმ წარსულში, როცა ერთ დროს განკურნებადი ინფექციები შეიძლება კვლავ მომაკვდინებელი გახდეს.

გამომდინარე აქედან, მეცნიერები ახალ ანტიმიკრობულ ნაერთებს ეძებენ. მცენარეები იმედისმომცემი წყაროა, ათასწლეულების განმავლობაში განუვითარდათ ფართო სპექტრის ბიოაქტიური ქიმიური ნაერთები, რათა მიკრობებისგან დაიცვან თავი.

ახალ კვლევაში, ჯგუფმა შეისწავლა, შეიცავდა თუ არა ირლანდიის ჭაობიან მიწებზე გავრცელებული სხვადასხვა მცენარე ისეთ ნაერთებს, რომლებსაც შეეძლებოდათ მრავალი პრეპარატისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებთან ბრძოლა.

ამისათვის, მათ მოამზადეს ირლანდიის ჭაობებში შეგროვებული 70 სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტი. შემდეგ ისინი ლაბორატორიაში კლინიკურად მნიშვნელოვან ბაქტერიულ პათოგენებზე დატესტეს — მათ შორის ბაქტერიებზე, რომლებიც მწვავე პნევმონია და საშარდე გზების ინფექციებს იწვევს.

იმის დასადგენად, აფერხებდნენ თუ არა ექსტრაქტები ბაქტერიების ზრდას, გამოიყენეს ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტი. ეს გულისხმობდა ბაქტერიების მოქცევას სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტის ზემოქმედების ქვეშ, რათა ენახათ, რომელი ექსტრაქტი შეაფერხებდა ბაქტერიების ზრდას.

ამის შემდეგ, ეს ექსტრაქტები ბიოფილმებზე (მიკროორგანიზმთა სტრუქტურირებული საზოგადოებები) დატესტეს, რათა დაედგინათ, შეეძლოთ თუ არა მცენარეულ ნაერთებს ბაქტერიების ბიოფილმების წარმოქმნის თავიდან აცილება. ბიოფილმები არის ბაქტერიული საზოგადოებები, რომლებსაც გარს აკრავს ლორწოვანი ნახშირწყლების გარსი, რომელიც მათ ანტიბიოტიკების, სადეზინფექციო საშუალებებისა და იმუნური სისტემისგან იცავს.

საწყისმა სკრინინგმა აჩვენა, რომ მარწყვაბალახის ექსტრაქტები ანტიმიკრობული იყო და ზღუდავდა ბიოფილმების წარმოქმნას. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ მარწყვაბალახის ექსტრაქტები შეიცავდა ანტიმიკორბული აქტივობის მქონე ნაერთებს, რამაც შეიძლება ახსნას მათი ისტორიული გამოყენება ინფექციების სამკურნალოდ.

ამის შემდეგ შეისწავლეს, იმუშავებდა თუ არა ეს მცენარეული ექსტრაქტები უკვე არსებულ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, რადგან ზოგიერთი მცენარეული ნაერთი ბაქტერიებს პირდაპირ კი არ ხოცავს, არამედ აუმჯობესებს ანტიბიოტიკების მოქმედებას მათ წინააღმდეგ.

ამიტომ, მარწყვაბალახის ექსტრაქტში მცირე დოზით შეურიეს ანტიბიოტიკი კოლისტინი — ანტიბიოტიკი, რომელსაც მისი მწვავე ტოქსიკურობიდან გამომდინარე, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ მწვავე ინფექციების სამკურნალოდ.

მხოლოდ ანტიბიოტიკის დაბალი დოზა საკმარისი არ იყო ბაქტერიების დასახოცად. მაგრამ როცა მარწყვაბალახის ექსტრაქტში შეურიეს, მცენარეულმა ნაერთმა გაზარდა ანტიბიოტიკის ეფექტიანობა.

ჯგუფის ნაწილმა შემდეგ ანალიზები ჩაატარა, რათა გამოევლინათ კონკრეტული ნაერთები მარწყვაბალახის ექსტრაქტებში. ცნობილია, რომ მარწყვაბალახი შეიცავს ისეთ ბუნებრივ ნაერთებს, როგორებიცაა ელაგის მჟავა და აგრიმონინი, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ.

შემდეგ შეამოწმეს ჭაობიან ადგილას დაკრეფილ მარწყვაბალახში შემავალი ელაგის მჟავისა და აგრიმონინის ნაერთები. აღმოჩნდა, რომ ეს სპეციფიკური ნაერთები ბაქტერიების ზრდას უნდა თრგუნავდეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ისინი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მარწყვაბალახის ანტიმიკრობულ აქტივობაზე.

თანდათან დაადგინეს, რომ ეს ნაერთები ამას რკინის შთანთქმით აკეთებდნენ — საკვები ნივთიერების, რომელიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ბაქტერიების ზრდისთვის. შედეგად, ბაქტერიულ უჯრედებს ზრდაში ხელი ეშლებოდათ.

ამჟამად მეცნიერთა ყურადღება გამახვილებულია ამ ანტიმიკრობული აქტივობის ოპტიმიზებაზე და ფორმულების შექმნაზე, რათა შემოწმდეს მისი, როგორც სამკურნალო საშუალების პოტენციალი ექსპერიმენტულ მოდელებზე.

ბუნება ყოველთვის იყო მედიცინის მდიდარი წყარო. მრავალი ანტიბიოტიკი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, სწორედ ბუნებრივი წყაროებიდან მოდის. მაგალითად, უკიდურესად ძლიერი ანტიბიოტიკი ვანკომიცინი, რომელიც MRSA-ის (მეთილიცინისადმი რეზისტენტული Staphylococcus aureus-ი) და C. difficile-ის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება — ნიადაგის მიკრობებიდან მომდინარეობს.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალურად იზრდება და გადაუდებლად საჭიროა ახალი მიდგომები და პრეპარატები. მცენარეები შესაძლოა წარმოადგენდნენ როგორც ახალი ანტიმიკრობული ნაერთების, ასევე იმ ნაერთების არასაკმარისად შესწავლილ წყაროს, რომლებიც არსებულ წამლებს უფრო ეფექტურს ხდის.

მარწყვაბალახის ამბავი გვიჩვენებს, რომ ბუნებას და ტრადიციულ მედიცინას შეუძლია თანამედროვე მეცნიერების მხარდამხარ მუშაობა დღევანდელ გამოწვევათა გადასაჭრელად. ეს ასევე ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებების პოვნა შეუსწავლელ ადგილებშიც შეიძლება — თუნდაც პატარა, ყვითელ ველურ ყვავილში, რომელიც ჭაობიან მიწებზე იზრდება.

კვლევა Microbiology Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი