"სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ ზამთრის სეზონზე გუდაურში საგზაო ინფრასტრუქტურა კვლავ გამოწვევაა, რაც კურორტს რეპუტაციულ, ხოლო ბიზნესს ფინანსურ ზიანს აყენებს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დიდთოვლობის დროს გზის ჩაკეტვის გამო დამსვენებლები კურორტზე ფიზიკურად ვერ მიდიან, სასტუმროებს კი გაუქმებული ჯავშნების თანხის უკან დაბრუნება უწევთ. როგორც მაიკო მურაჩაშვილი აღნიშნავს, გამოწვევის გადასაჭრელად საჭიროა ადგილზე იყოს მობილიზებული ტექნიკა, რასაც კერძო სექტორი დიდი ხანია ითხოვს.
"როდესაც ამინდის პროგნოზში თოვლი ჩნდება, მობილიზებული რომ იყოს ტრაქტორები, რომ გზა არ ჩაიკეტოს, ამას რამდენი ხანია ვითხოვთ სრულიად გუდაურის კერძო სექტორი. საცობი აქ იმიტომ იქმნება ხოლმე, რომ ტრაქტორი არ დგას, რომ თავის დროზე გაწმინდოს, ამ დროს პოლიცია უშვებს ნებისმიერ მანქანას, ზაფხულის საბურავითაც კი, რომლებიც მერე, ზოგი ფუჭდება და აკეთებენ უდიდეს საცობებს, ამასობაში ტრაქტორებსაც აგვიანდებათ ადგილზე მისვლა. ახლა მაგალითად, გაფუჭებული ტრაქტორი მოვიდა, მწყობრიდან გამოსული, რომელიც რეალურად ვერ აკეთებს საქმეს, როდესაც გუდაური ელოდება ტურისტების ნაკადს. რა თქმა უნდა, ეს რომ პირობითად 25 იანვარს ხდებოდეს, ესეც ძალიან ცუდი იქნებოდა და ფინანსური დარტყმაც, მაგრამ ახლა გაორმაგებული ფასებია და სრულიად გუდაური ახალი წლის პერიოდს ველოდებით ამოსასუნთქად მთელი წლის მანძილზე. არ გვაქვს უფლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჯავშნების თანხა არ დავაბრუნოთ უკან. ანუ, ასეთ დროს non-refundable-ზე უკვე ჩარიცხულ თანხებს ვაბრუნებთ, რადგან სტუმრები ფიზიკურად ვერ მოდიან, გზა არის გადაკეტილი. ეს ყველაფერი რეპუტაციულადაც ძალიან ისახება. უკვე დაწერეს, რომ გუდაურში წასვლა სახიფათოა, შეიძლება წინასწარ გადაიხადო თანხა და უბრალოდ მერე ვეღარ ახვიდე. თუ დამსვენებელს ფრენა აქვს მაგალითად 3 იანვარს გამთენიისას და 2 იანვარს გზა იკეტება, აქ უწევს ზედმეტად დარჩენა, ხარჯის გადახდა, ბილეთის დაკარგვა, რაც არ არის იაფი სიამოვნება, სხვა დროს და სხვა წელს, უბრალოდ აღარ გარისკავს აქ წამოსვლას და წავა იქ, სადაც უფრო დაცულია. რეპუტაციული ზიანის გამოსწორებას მერე ერთი წელი არ ჰყოფნის, ბევრი წლები სჭირდება. ძალიან მარტივია, რომ როცა ითოვებს და ვხედავთ ხუთი დღე თოვს, უნდა მძიმე ტექნიკა განათავსო იქ, რომ გზა გაიწმინდოს. სულ არის ეს პრობლემა, 2017 წლიდან გუდაურში ვარ და წელი არ მახსენდება, სადაც ეს პრობლემა არ დაგვდგომია. თოვლი არ არის - სხვა პრობლემა გვაქვს, თოვლი მოვა - სხვა",- ამბობს მაიკო მურაჩაშვილი.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ დამსვენებლის კურორტამდე მისვლა გამოწვევაა, პრობლემაა შიდა გადაადგილებაც: "ახალ გუდაურში შესაცვლელი გზაზე დააგეს ტროტუარები, ოღონდ გზის ხარჯზე, ანუ გზა დავიწროვდა და საცობია. დამსვენებლები რეალურად ვერ შედიან ახალ გუდაურში, სადაც გართობაა, კლუბებია. ეს ყველაფერი სტუმრების კეთილგანწყობაზე ძალიან მოქმედებს",- აღნიშნავს ის.
რაც შეეხება დატვირთულობას, მაიკო მურაჩაშვილი ინფორმაციით, 4-ვარსკვლავიან სასტუმრო „როშე გუდაურში" საახალწლო პერიოდში გაზრდილი ჯავშნებია, თუმცა თებერვლის მაჩვენებელი წინა წლისას ჩამორჩება.
"25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით 100%-იანი ჯავშნები გვქონდა, თუმცა გზის ჩაკეტვის გამო, მოგვიწია რამდენიმეზე თანხის დაბრუნება. იანვრის შუა რიცხვები ყოველთვის შედარებით საშუალო სეზონია და ანალოგიურია დატვირთვა, 60-65%. თებერვალს რაც შეეხება, შარშან ამ დროს თებერვალში გაცილებით მეტი ჯავშნები გვქონდა, ვიდრე ახლა გვაქვს. ადგილობრივი დამსვენებელი გუდაურს ყველაზე ნაკლებად ჰყავს, მაქსიმუმ არის შაბათ-კვირას სასრიალოდ ამოსული. ჩვენთან სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან და მათი გეოგრაფია მრავალფეროვანია: ისრაელი, პორტუგალია, საფრანგეთი, კვიპროსი, იტალია, იაპონია, რუსეთი, კოლუმბია, ირლანდია, გერმანია, ომანი, აზერბაიჯანი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ნიდერლანდები და ა.შ. დეკემბრის საშუალო გასაყიდი ფასი (ADR) 510 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 36%-ით არის მომატებული. ეს ზრდა პირველ რიგში ხელფასებს უკავშირდება, ხელფასები უფრო მეტად მოვამატე, ვიდრე ფასები, ასევე გაძვირებულია კვების პროდუქტებით მომარაგება, მომსახურებები და თვითონ კვების პროდუქტები, ყველა კომპონენტმა, თვითღირებულება მოიმატა და ამიტომ, იძულებულები ვართ ჩვენც, რომ მოვამატოთ ფასი და ამის ფონზე, როცა ტრაქტორი გზას ვერ წმენდს თავის დროზე და შემოსავალს ვკარგავთ, საკმაოდ მტკივნეულია. ახლა გახსნილია გზა, გუშინწინ ჩაიკეტა და გუშინ საღამოს გაიხსნა. ვინც დაიცადა, ან ისე იყო გაჭედილი, რომ უბრალოდ ვერსად წავიდოდა, ისინი ამოვიდნენ",- ამბობს მაიკო მურაჩაშვილი.