ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „სენტ-ეტიენმა“, შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილი გაუშვას, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Mediasportif-ი წერს.
„რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „სენტ-ეტიენმა“ იანვარში ლუკას სტასინისა და ზურიკო დავითაშვილთან დაკავშირებით? კლუბის ერთადერთი აქციონერი Kilmer Sports-ი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელებისთვის კარის გახსნას განიხილავს და არ არის გამორიცხული, იანვარში გუნდი სტასინიმ ან დავითაშვილმა დატოვონ.
„სენტ-ეტიენის“ სტრატეგიულმა არჩევანმა დიდი დებატები გამოიწვია, რადგან კლუბი სერიოზულ ფინანსურ და სპორტულ სირთულეებს აწყდება. ლუკას სტასინი მიმდინარე სეზონში ნაკლებად ეფექტურია, ბელგიელმა მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, ამასთან, უკვე რამდენიმე თვეა, გარემოს შეცვლის სურვილს ღიად გამოხატავს.
დავითაშვილი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია. 8 გატანილი გოლით ის „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველი საკუთარ პოზიციაზე იშვიათ ეფექტურობას აჩვენებს, რაც მის შესაძლო შეცვლას მნიშვნელოვნად ართულებს. მისი სტაბილური თამაში და კლუბისადმი ერთგულება „სენტ-ეტიენისთვის“ ფეხბურთელის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
გრძელვადიანი სპორტული სტრატეგია ორივე შემტევის შენარჩუნებას უნდა ითვალისწინებდეს. მრავალფეროვანი და სრულყოფილი შეტევა ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენის“ კონკურენტუნარიანობას გაზრდის, ხოლო სეზონის შუაში შეტევის ხაზის დასუსტება საფრთხეს შეუქმნის კლუბს, რომელსაც ლიგა 1-ში დაბრუნების ამბიცია აქვს. სწორედ ამიტომ თავდამსხმელების გაშვების საკითხი სერიოზულ და ფრთხილ გადაწყვეტილებას მოითხოვს“, – წერს გამოცემა.