მალავის შუაგულში, უძველეს კლდის თავშესაფარში, არქეოლოგებმა ზრდასრული ადამიანის კრემაციის მსოფლიოში უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს.
დამწვარი ნარჩენები 9500 წლის წინანდელია და მიუთითებს გარდაცვლილ ქალზე, რომელიც 18-60 წლამდე შუალედში დაიღუპა და მისი სხეული სათუთად მოამზადეს კრემაციისთვის დიდ კოცონზე. განზრახ დაკრძალვის ეს რიტუალი მოხდა ადგილზე, რომელიც სულ მცირე 8000 წლის განმავლობაში წარმოადგენდა დამკრძალავი რიტუალების ადგილს.
„ეს გახლავთ მიზანმიმართული კრემაციის ყველაზე ძველი მტკიცებულება აფრიკაში, ზრდასრული ადამიანის კრემაციისთვის განკუთვნილი უძველესი კოცონი მსოფლიოში“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ოკლაჰომის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯესიკა კერესო-რომანი ხელმძღვანელობდა.
აღმოჩენა აღრმავებს ჩვენს გაგებას მონადირე-შემგროვებელთა დაკრძალვის შესახებ, რაც ცხადყოფს, რომ მათი რიტუალები შეიძლება იმაზე გაცილებით კომპლექსური იყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.
ეს ცერემონია მოიცავდა დაგეგმვასა და მშენებლობას, რესურსების მნიშვნელოვან ინვესტირებას, რათა შეგროვებულიყო საათობით წვისთვის საჭირო შეშა.
ძეგლის უწყვეტი გამოყენება ასევე მიუთითებს სოციალურ მეხსიერებაზე და შესაძლოა წინაპრების თაყვანისცემის ფორმებზეც, რაც ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ მინიმალურად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებებში.
სიმძიმე, რომლითაც ადამიანები სიკვდილს უახლოვდებიან, უკვე მრავალი ათასწლეულია არსებობს; მიზანმიმართული დაკრძალვის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული შემთხვევა 78 000 წლის წინანდელია. მიზანმიმართული დაკრძალვების უფრო ადრეული შემთხვევები სავარაუდოდ ჰომინინის სხვა სახეობებს ეკუთვნის და დღემდე ცხარე კამათის საგანია.
რაც შეეხება კრემაციას, 7000 წელზე უფრო დიდი ხნის მტკიცებულებები მწირია, განსაკუთრებით მონადირე შემგროვებლებში. კრემირებული ადამიანის უძველესი ნარჩენები ავსტრალიაში, მუნგოს ტბასთან არის აღმოჩენილი და 40 000 წლის წინანდელია. თუმცა, ჯერ არ არის აღმოჩენილი კოცონის კვალი.
ყველაზე ძველი კოცონი (სოციალურად მოწყობილი, სადაც კრემაცია მიმდინარეობდა და სადაც ამის ნარჩენებიც აღმოაჩინეს) 11 500 წლის წინანდელია და აღმოჩენილია ალასკაზე; კრემაცია იქ პატარა ბავშვს ჩაუტარეს.
ამის შემდეგ, ცეცხლზე კრემაციის ნიშნები დაახლოებით 7000 წლის წინანდელ პერიოდში ჩნდება სამხრეთ ლევანტში, ძეგლ ბეისამუნზე.
მალავიში, ჰორას მთის ძირში მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი, სახელად HOR-1, სადაც ადამიანთა აქტივობა 21 000 წლის წინ დაიწყო. 16 000 – 8 000 წლის წინ, ძეგლი დამკრძალავი რიტუალებისთვის გამოიყენებოდა. არქეოლოგებს იქ სულ მცირე 11 ინდივიდის ნაშთები აქვთ აღმოჩენილი.
დაკრძალვის წინ კრემაციის მტკიცებულება მხოლოდ ერთ ინდივიდს აღენიშნება. მისი ოფიციალური აღნიშვნაა Hora 3 და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩონჩხის მხოლოდ რაღაც ნაწილია აღმოჩენილი — კიდურების ძვლები, ხერხემლისა, მენჯის და ფალანგის ნაწილები — ყველაფერი ერთად და პლუს ფერფლის ნარჩენები, რომლებშიც ეს ძვლები იპოვეს, დაკრძალვის რიტუალის მკაფიო სურათს ხატავს.
ძვლების დამწვრობა და ბზარები მიუთითებს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყო მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. ამას გარდა, ძვლებზე ჭრილობის ნიშნები აჩვენებს, რომ Hora 3-ის სხეულს ზოგიერთი ნაწილი კრემაციის წინ მოაჭრეს.
ძვლებზე არსებული ფერების მახასიათებლები ასევე აჩვენებს, რომ კრემაციის დროს ძვლებს ამოძრავებდნენ, ალბათ როდესაც ცეცხლი ქრებოდა და შეშას უკეთებდნენ.