2025 წელი დაახლოებით, 50%-იანი დატვირთულობით დავხურეთ, რაც შარშანდელთან შედარებით, 10%-მდე ზრდაა, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს დამსვენებლების 95% უცხოელია. მათ შორის, არიან ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ძირითადად ექსპატები დუბაიდან. 

"მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასების ზრდას. ჩვენთან თითქმის 1000 ლარია 1 ღამის ღირებულება და მარტის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ამ ფასით ვიმუშავებთ. 

ვფიქრობ, რომ საქართველო შესაძლებელია ბიუჯეტურ მიმართულებად ჩაითვალოს, თუმცა გააჩნია სტუმარს. ვიზიტორს თუ მაღალი სერვისის მიღების სურვილი აქვს, მაშინ ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს დაბალბიუჯეტიანი ვიზიტორები სტუმრობენ. სათხილამურო კურორტები ვერ ვიტყვით, რომ ბიუჯეტური მიმართულებაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც ამ ტიპის კურორტებზე ისვენებს ის მზად არის მინიმუმ 500 დოლარამდე დახარჯოს დღეში, რადგან მინიმუმ ეს თანხა დასჭირდება მას, რომ ნორმალურად ისრიალოს და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ვინც ამ ტიპის კურორტებზე დადის ეს არის მინიმალური ბიუჯეტი დღეზე, რაც უნდა გაითვალისწინოს", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - სასტუმროს დირექტორის თქმით, წინასწარი ჯავშნებით, 2026 წლის პირველ კვარტალში უკვე 60%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება.

"კარგი მოლოდინები გვაქვს, ერთადერთი შეფერხება უთოვლობა შეიძლება იყოს და შესაბამისად, ძალიან წარმატებული ახალი წლის მოლოდინები გვაქვს.  

2026 წელს, კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და საოპერაციო საკითხების უფრო კარგად მოწესრიგებაზე. ვფიქრობთ სხვადასხვა სერვისის დამატებას, მათ შორის, ახალი წლიდან, ჩვენი ახალი საიტიც ამოქმედდება", - აღნიშნა ანდრო ვლასოვმა.

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს. 

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“