გუდაურში მდებარე სასტუმროში Best Western Gudauri დატვირთვა წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს მფლობელმა გიორგი კვიწინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარი წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებულად აქტიური აღმოჩნდა.

სასტუმროს მფლობელის ინფორმაციით, ახალი წლის პერიოდში სასტუმროები ტრადიციულად 90-100%-იან დატვირთვაზე მუშაობენ, რაც დაახლოებით 10 იანვრამდე გრძელდება. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მაღალი მოთხოვნა იანვრის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდა.

"კურორტი ძალიან აქტიურად არის დატვირთული. თუ შარშან იანვარი დაახლოებით 60%-იანი დატვირთვით დავხურეთ, წელს 15-20%-ით მეტი მოთხოვნა გვაქვს”, - ამბობს ის.

მისი ვარაუდით, გაზრდილი ინტერესი ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ევროპის არაერთ პოპულარულ სამთო კურორტზე თოვლის დეფიციტია, მაშინ როცა გუდაურში წლის ბოლოს უხვი ნალექი დაფიქსირდა, რამაც სეზონის წარმატებით გახსნა უზრუნველყო.

“ევროპის ბევრ სამთო კურორტზე წელს თოვლი არ არის - იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ავსტრიაში სერიოზული პრობლემებია. ჩვენთან კი, წლის ბოლოს, 31 დეკემბერს თოვლი მოვიდა და სეზონი სრულფასოვნად გაიხსნა”, - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

მისი შეფასებით, სტუმრების გეოგრაფია წელს საკმაოდ მრავალფეროვანია. “გვყავს დამსვენებლები GCC-ის ქვეყნებიდან, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე ინდოეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან”, – აღნიშნავს კვიწინაშვილი.

სასტუმრო Best Western Gudauri-ის მფლობელი ფასებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასტუმრო სექტორში, მიუხედავად ინფლაციისა და ზოგადი გაძვირების ფონზე, ნომრების ღირებულება წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მიწოდების სიჭარბით არის განპირობებული.

მისი თქმით, გუდაურში განთავსების ფასები სეგმენტების მიხედვით ნაწილდება: გესთჰაუსებში ღამის ღირებულება დაახლოებით 50–80 დოლარია, სამი და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში – 80-დან 140–150 დოლარამდე, ხოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში – 200-დან 350 დოლარამდე.

“შეიძლება სასტუმროს რესტორანში ფასები გაიზარდოს, თუმცა ნომრის ღირებულება იგივე დარჩა. ამიტომ, სხვადასხვა ბიუჯეტისთვის გუდაურში განთავსების პოვნა ყოველთვის შესაძლებელია”, – დასძინა კვიწინაშვილმა.

 bm.ge