2026 წლიდან გაზრდილ ხელფასს პარლამენტის წევრების გარდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც მიიღებენ.

სახელმწიფო უწყებებში ხელფასების სულ მცირე 10%-იანი ზრდა 2026 წლის ბიუჯეტმა განაპირობა, რომლის საფუძველზეც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარით განისაზღვრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, ყველაზე მაღალ - 11 200 ლარიან თვიურ ანაზღაურებას პარლამენტის აპარატის უფროსი მიიღებს. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის (სამი მოადგილე) ხელფასი - 10 400 ლარი იქნება, აპარატის უფროსის თანაშემწეების ანაზღაურება კი - 3 520 ლარი. ამავე ბრძანებით, 3 520 ლარით განისაზღვრება აპარატის უფროსის მოადგილის თანაშემწეების ხელფასი.

2026 წლიდან 9 600 ლარი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის თვიური თანამდებობრივი სარგო, 7 200 ლარი - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის ხელფასი, 7 040 ლარი - თანაშემწეების, ხოლო 4 480 ლარი - მთავარი სპეციალისტების ანაზღაურება. შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში 17 პირია დასაქმებული.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებითვე, პირველი ვიცე-სპიკერის სამდივნო რვა თანამშრომლით არის წარმოდგენილი. სამდივნოს უფროსის ხელფასი 7 040 ლარი იქნება, თანაშემწეების - 6 400 ლარი, მთავარი სპეციალისტების - 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის - 3 520 ლარი და უფროსი სპეციალისტის - 2 880 ლარი.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერების სამდივნოებს, სამდივნოს უფროსს 6 400 ლარიანი ხელფასი ექნება, მთავარ სპეციალისტს - 4 480 ლარი, ხოლო უფროსს სპეციალისტს - 2 880 ლარი.

ანალოგიური ოდენობებით განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო.

ბოლო ცვლილებებით, პარლამენტის დეპარტამენტებში არსებული განყოფილებები სამმართველოებად გადაკეთდა. დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 9 600 ლარი იქნება, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - 7 200, სამმართველოს უფროსის - 6 400 ლარი, მთავარი სპეციალისტების - 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის - 3 520 ლარი, უფროსი სპეციალისტის - 2 880 ლარი.

რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტების აპარატებს, 2026 წლიდან აპარატის უფროსის ყოველთვიური ხელფასი - 6 400 ლარი იქნება, აპარატის მთავარი სპეციალისტის - 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის - 3 520 ლარი, უფროსი სპეციალისტის - 2 880 ლარი, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის ხელფასი - 3 520 ლარი.

დეპუტატების თანაშემწეების ხელფასი 2 880 ლარი იქნება. შალვა პაპუაშვილის ბრძანების გათვალისწინებით, პარლამენტის მანდატურთუხუცესი 2026 წლიდან 9 600 ლარიანი ანაზღაურებას მიიღებს.

პარლამენტის აპარატის საშტატო ნუსხის თანახმად, პარლამენტის აპარატში 650 პირი იქნება დასაქმებული. მათგან 4 სახელმწიფო მოსამსახურეა, 313 - პროფესიული საჯარო მოხელე, 166 - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო 167 - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად იღებენ.

ipn.ge