აშშ-ს შესაძლოა ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდა მოუწიოს, თუ ნიუ-დელი ვაშინგტონის მოთხოვნას - რუსული ნავთობის შესყიდვების შეზღუდვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ისინი ვაჭრობენ და ჩვენ შეგვიძლია მათზე ტარიფები ძალიან სწრაფად გავზარდოთ“, — აღნიშნა ტრამპმა ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხისას.

ტრამპის ახლო მოკავშირემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულმა აშშ-ის სანქციებმა და ინდოეთზე დაწესებულმა მაღალმა ტარიფებმა ინდური ნავთობის იმპორტის შემცირებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად, ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა.

გრეჰემი მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ინდოეთია, რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელების შემთხვევაში, 500%-მდე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

„თუ თქვენ ყიდულობთ იაფ რუსულ ნავთობს, თქვენ პუტინის საომარ მანქანას ამუშავებაში ეხმარებით“, — განაცხადა სენატორმა და დასძინა, რომ კანონმდებლობის მიზანია პრეზიდენტს მისცეს ბერკეტი, ტარიფების გზით აიძულოს ქვეყნები რთული არჩევანის გაკეთებას.

ამასთან, ვაჭრობის ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ნიუ-დელის ფრთხილმა მიდგომამ შესაძლოა ქვეყნის პოზიციები შეასუსტოს. სავაჭრო ანალიტიკური ცენტრის — „გლობალური სავაჭრო კვლევის ინიციატივის“ — დამფუძნებელმა აჯაი სრივასტავამ აღნიშნა, რომ ინდოეთის ექსპორტზე უკვე მოქმედებს აშშ-ის 50%-იანი ტარიფი, რომლის 25% პირდაპირ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვებს უკავშირდება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების შემდეგ ინდოელმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა იმპორტი შეამცირეს, შესყიდვები სრულად არ შეწყვეტილა, რის გამოც ინდოეთი „სტრატეგიულ ნაცრისფერ ზონაში“ აღმოჩნდა.

„გაურკვევლობის დრო დასრულდა“, — განაცხადა სრივასტავამ და ინდოეთს მოუწოდა, რუსულ ნავთობთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს.

ცნობისთვის, მაღალი ტარიფების მიუხედავად, ინდოეთის ექსპორტი აშშ-ში ნოემბერში მკვეთრად გაიზარდა, თუმცა 2025 წლის მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში გადაზიდვების მოცულობა 20%-ზე მეტით შემცირდა. პარალელურად, ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, ნიუ-დელიმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული და ამერიკული ნავთობის შესყიდვების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდება დაავალა, რათა აშშ-ის შეშფოთება შეამსუბუქოს.

bp.ge