ეკონომისტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რეალური ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, თუმცა იმის გამო, რომ ეკონომიკური აქტივების 70-80% სახელმწიფოს ბალანსზეა და დაკონსერვებულია, გაცხადებული ეკონომიკური ზრდა მხოლოდ „ბუღალტრული ანგარიშია“ და ქვეყანაში რთული მდგომარეობაა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ირაკლი მაკალათია განმარტავს, რომ არ იზრდება რეალური ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის შემოსავლებს და ცხოვრების დონის რეალურ ზრდას განაპირობებს.
„ზოგადად, რომ მიმოვიხილოთ, თითქმის ყველა მაკრო ეკონომიკურ პარამეტრზე გვაქვს ზრდა და გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები, თუმცა ეს არის რიცხვებში გამოსახული მაჩვენებლები და რეალური მდგომარეობა სულ სხვაა. თუ აქცენტს გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ქვეყანაში და ეკონომიკა ვითარდება, შეგვიძლია, საპირისპირო კითხვა დავსვათ: თუ ეკონომიკა ვითარდება, თუ ასე ძლიერდება ეკონომიკა და მიმზიდველი ხდება ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისთვის, მაშინ, ინვესტიციების კუთხით რატომ გვაქვს კლება? ან რატომ გვაქვს მიგრაციის ზრდის მაჩვენებელი? რატომ გვყავს ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი?
ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი რაც იყო, ეს არის 3 მთავარი სექტორი: განათლება, აიტი და საჯარო მმართველობა. განათლებასა და საჯარო მმართველობაში სამთავრობო დანახარჯებია და არა კერძო აქტიურობის შედეგი. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკური დოვლათი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში, ჩვენთან კი თავად სახელმწიფო ხარჯავს საკუთარ ფულს, რაც აისახა რიცხვებში და ეკონომიკურ ზრდაზე გადავიდა, მივიღეთ ბუღალტრული ანგარიში“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.
მისივე განმარტებით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს დღემდე აქვს ეკონომიკური ზრდა, თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება და ეს განსაკუთრებული, მისი თქმით, იყო პანდემია, როცა ეკონომიკა მთელ მსოფლიოში შემცირდა. თუ ომი არ არის, პანდემია არ არის, ეკონომიკური ზრდა ყველა ქვეყანას აქვს ყოველ წელს, ბურკინა ფასოსაც კი, რომელსაც პროცენტებში გერმანიაზე მაღალი ზრდა აქვს.
„მთავარი რაც არის, უნდა მოხერხდეს, რომ გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ციდან მოტანილი რიცხვები არ არის და გულისხმობს შემდეგს: დოვლათს უნდა ქმნიდეს ეკონომიკური აქტივები, უნდა ასაქმებდეს ადამიანებს, ქმნიდეს ახალ ბიზნესებს. ამ ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 70-80% კი მთავრობის ბალანსზეა, დაკონსერვებულია და ამ ქონების შენახვასა და მოვლაზე კიდევ ბიუჯეტიდან ვიხდით თანხებს. ეს რესურსებია სასოფლო-სამეურნეო მიწები, უამრავი შენობა-ნაგებობა, სახელმწიფო კომპანიები, ტყის რესურსი, წიაღისეული, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით პოტენციურად მილიონერები ვართ, მაგრამ ამ აქტივების 70-80% უბრალოდ, გაჩერებულია“, - ამბობს ირაკლი მაკალათია.