„ჩინელებისთვის როგორც ტურისტული მიმართულება, საქართველო არ არის ძალიან საინტერესო. ტოპ-20-30 ქვეყანას შორისაც კი არ ვართ,” – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ პირდაპირ რეისებს ჩინეთის დიდი ქალაქებიდან. ჩინეთში საკმაოდ მაღალმხარჯველი ტურისტებიც არიან, მაგრამ ეს სეგმენტი ჩვენთვის ჯერ შორს არის. ჩინელებისთვის როგორც ტურისტული მიმართულება, საქართველო არ არის ძალიან საინტერესო. ტოპ-20-30 ქვეყანას შორისაც კი არ ვართ. გარკვეული მარკეტინგული ღონისძიებებია ჩასატარებელი, რათა იქ ტრენდული მიმართულება გავხდეთ,“- აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.

მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყანაში ჩინურ ენოვანი გიდების დეფიციტია.

„გამორიცხული არ არის, რომ ჩინეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გიდობა დაიწყონ, რადგან ეს სფერო სრულიად უკონტროლოა. პოტენციალი გვაქვს რომ ჩინეთიდან 100-200 ათასი ტურისტი მივიღოთ, მაგრამ როგორც კი რაოდენობა გაიზრდება, ამას მოჰყვება მათივე მოქალაქეების გიდებად მუშაობაც. მით უმეტეს, რომ ამის მოტივაცია ნამდვილად ექნებათ, რადგან ჩვენ არ გვყავს გიდები, ვინც ჩინელებს ჩინურად მოემსახურება. ჩინურ ენოვანი გიდების პრობლემა გვაქვს საქართველოში, მათი დეფიციტია. შემიძლია გითხრათ, რომ ჯამში, ალბათ 10-მდე (კარგ სპეციალისტზე მაქვს საუბარი) ჩინური ენის მცოდნე გიდი გვყავს ქვეყანაში. ეს კი ძალიან ცოტაა. რამდენიმე ჯგუფი რომ ჩამოვიდეს ჩინეთიდან, ფაქტობრივად გიდები არ გვეყოფა,“ - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ 30 დღე ზედიზედ დარჩნენ.