საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ B2B Summit by Tarifa-ს მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა.  2 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია.

სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

“სამიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს სასტუმროები, დანიშნულების ადგილები, გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, გამართეს ბიზნეს შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან,  რომ საქართველოში, საქმიანი ტურიზმის ფარგლებში ღონისძიებები გამართონ და მეტი ტურისტული ჩამოიყვანონ“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.  

 კონგრესის ფარგლებში, 1000-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა ქართულ კომპანიებთან.  B2B Summit by Tarifa კონკრეტული შედეგებით დასრულდა. საქართველო შემოდგომაზე და 2026 წელს, მსხვილ ჯგუფებს უმასპინძლებს. წინასწარ მიღწეული შეთანხმებებით საქართველოში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა იგეგმება, რომელსაც საქართველოს სასტუმროები და ტურისტული სერვისის მიმწოდებლები უმასპინძლებენ.

“სამიტის ფარგლებში ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა კონტრაქტებიც, ეს სამიტი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა სერვისის მომწოდებლებისთვის, სასტუმროებისა და დანიშნულების მართვის კომპანიებისთვის. „ბაიერებმა“ ძალიან კარგი პარტნიორები შეიძინეს ქართული კომპანიების სახით.  ქართულმა სტუმარმასპინძლობამ დიდ წარმატებას მიაღწია”-აცხადებს Tartifa კონგრესის ხელმძღვანელი მაჩიეჟ ვოიჩჟიკი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში, ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურები მოეწყო. ასევე, სხვადასხვა სასტუმროებისა და ღონისძიების ჩატარების ადგილების ინსპექტირების ტურები გაიმართა, ევროპული კომპანიები გაეცნენ საქართველოს საქმიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას სამომავლოდ მასშტაბური ფორუმების, სამიტების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად.

კომპანია „ტარიფა“ (Tarifa) წარმოადგენს პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორ კომპანიას (PCO), რომელიც 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანია მსხვილ ღონისძიებებს აწყობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს