დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დიდია აჭარაში იუსტიციის სახლის სერვისებზე მოთხოვნა და ყოველწლიურად ამ სერვისებით 700 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
„რეგიონში მუშაობს ასევე მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს იუსტიციის სახლი.
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. დღეს უკვე იუსტიციის სახლი არის ხელმისაწვდომი 127 მისამართზე და ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა. სულ მალე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა 132-მდე გაიზრდება.
ჩვენი მიზანია, მუდმივად, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც გაზრდის ჩვენი მოქალაქეების წვდომას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება ასევე იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.
მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა, ხელვაჩაურის მოსახლეობას მივულოცო იუსტიციის სახლის გახსნა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, თითეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს