პლასტიკის პარკების შეზღუდვის შემდეგ, მთავრობა ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის ბოთლებში სასმელის გაყიდვის აკრძალვის შესახებ საუბრისას, ნარჩენების მართვის სახელმწიფო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები ისეთივე მავნეა გარემოსთვის, როგორც პლასტიკის.

„მდინარეებში ნარჩენების 88% არის პლასტმასი, მათ შორის დაქუცმაცებული პლასტმასი, ხოლო PET-ის ბოთლები 41%-ია, მათ შორის არის პლასტმასის ერთჯერადი ნაკეთობები, რაც ჩვენ უკვე ავკრძალეთ. ასევე არის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი პარკები, რომლის შეზღუდვასაც ჩვენ მომავალში ვაპირებთ, რადგან ესეც დამაბინძურებელია", - თქვა პავლიაშვილმა.