უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსულ ენერგომატარებლებზე ყველა სანქციის შეჩერება სთხოვა. „როიტერის“ ცნობით, უნგრეთის ლიდერმა ამის შესახებ მან ორშაბათს განაცხადა. ორბანის განმარტებით, ამ ნაბიჯის გადადგმა უნგრეთში ნავთობზე ფასების ზრდის შესაჩერებლად არის აუცილებელი.

შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის ესკალაციის გამო, ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება. ორბანის თქმით, ნავთობის ფასების ზრდა ასევე გამოწვეულია უკრაინის მიერ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდების ბლოკირებით.

იანვრის ბოლოს, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით და უკრაინის გავლით ამ ორი ქვეყნისთვის რუსული ნავთობის მიწოდება შეჩერდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს ნავთობსადენის ამოქმედების გამიზნულად დაბლოკვაში ადანაშაულებენ.

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობა, შესაძლოა, თვენახევარში განახლდეს, განაცხადა ზელენსკიმ (ჩეხურ ენაზე)

ერთ თვეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ორბანის პარტია „ფიდესი“, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2010 წლიდან იმყოფება, ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

მოსკოვის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები ევროკავშირმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო მიიღო. ორბანის კაბინეტი, რომელიც მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ამ სანქციებს დიდი ხანია აკრიტიკებს.

უნგრეთი არჩევნებისთვის ემზადება, მთავარი წინასაარჩევნო თემა უკრაინაა (ჩეხურ ენაზე)

ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს მისცეს უფლება, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად გემებზეა დატვირთული.

როგორც ბესენტმა განმარტა, ეს დროებითი ღონისძიებაა ომის დროს „გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობის“ მიზნით და მათი შეძენა 11 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.

„ეს შეზღუდული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, – განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ნავთობის ფასების დროებითი ზრდა დიდხანს არ გაგრძელდება და გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს აშშ-სა და მის ეკონომიკას.

მანამდე ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს დაიწყებს, „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.

დიდი ბრიტანეთი რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, მაიკლ შენკსიმ „ბიბისისთან“ განაცხადა.

„სანქციები მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შენსკიმ.

მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მეტი შესაძლებლობა ექნება, უკრაინის ომში უფრო მეტი რესურსი ჩადოს, ეს სერიოზული შედეგების მომტანი იქნება.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საერთოდ არ გააუქმებს“, – განმარტა მაიკლ შენკსიმ.

წყარო: 1 არხი