გერმანიაში, შტარნბერგში, 96 წლისა გარდაიცვალა გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი იურგენ ჰაბერმასი.
ამის შესახებ იუწყება გამომცემლობა „ზურკამპი“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით.
ჰაბერმასი იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოაზროვნე - ის ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ინტელექტუალურ დებატებს.
ჰაბერმასი იყო ასევე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური მოაზროვნე.
მის ყველაზე ცნობილ ნაშრომებს შორისაა „სტრუქტურული ცვლილებები საზოგადოებრივ სფეროში“ და „კომუნიკაციური მოქმედების თეორია“.
ჰაბერმასი დაიბადა 1929 წლის 18 ივნისს დიუსელდორფში და სწავლობდა გიოტინგენის, ციურიხისა და ბონის უნივერსიტეტებში.
მან აკადემიური კარიერა დაიწყო ერიხ როტაკერის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ხელმძღვანელობით. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ჰაბერმასი მუშაობდა ფრანკფურტის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თეოდორ ადორნოს ასისტენტად. 1960-იანი წლების დასაწყისში ის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი გახდა.
1950-იან წლებში ჰაბერმასი ბირთვული იარაღის გამოცდის წინააღმდეგ გამოდიოდა.
60-იანი წლების სტუდენტური ამბოხების დროს ჰაბერმასი მხარდამჭერად აღიქმებოდა, თუმცა, არ ეთანხმებოდა მოძრაობის რადიკალიზაციას.
XXI საუკუნეში ის დემოკრატიას, გაერთიანებულ ევროპას უჭერდა მხარს და მემარჯვენე პოპულისტებს უპირისპირდებოდა.