„პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება“, – ამბობს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე ესაუბრა.
2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
გამოცემამ ბიზნესმენ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორია.
- ბატონო ნიკოლოზ, კონკრეტულად რომ გვითხრათ, პლასტმასის ბოთლის აკრძალვა, როგორ აისახება საბოლოო პროდუქტის ფასზე, რამდენით გაძვირდება უალკოჰოლო სასმელი, ან ლუდი, მაგალითად?
ავიღოთ ლუდის ინდუსტრია: ლუდის ინდუსტრიაში 40 მილიონი ლიტრი, რაც ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეესაბამება, არის შუშის შეფუთვაში: შუშა, ქილა და კასრები. დანარჩენი 70%, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ლიტრს შეესაბამება, არის პლასტმასის ბოთლებში. ანუ, პლასტმასის ბოთლები თუ ჩანაცვლდება შუშის ბოთლებით, ჯერ ერთი საკითხია: ეს შესაძლებლობა რამდენად არსებობს ზოგადად, რასაც გრძელი ვადა სჭირდება და რამდენიმე წელიწადი.
დღეს მაღაზიაში რომ ხედავთ შუშის ბოთლს, პლასტმასის აკრძალვის შემდეგ, შუშის ფასი არ გაიზრდება – შეიძლება ოდნავ გაიზარდოს, იმიტომ, რომ მოთხოვნა უფრო მეტი იქნება და მიწოდება შეიზღუდება, თუმცა ეს ჩანაცვლდება იმპორტით.
თუმცა ლუდის ინდუსტრიაში ორი კატეგორიის ფასია: ერთი არის ეკონომიური შეფუთვა, ანუ ორლიტრანახევრიანი, ორლიტრიანი და ასე შემდეგ. ერთ ლიტრზე გადათვლით, ეს გაცილებით იაფია და დაახლოებით 50-70%-ით იაფია, ვიდრე იგივე ერთ ლიტრზე – შუშასა და ქილაში. ანუ ეს ეკონომიური შეფუთვა აღარ იქნება. იქნება ტრადიციული შეფუთვა შუშის და ქილის სახით და იგივე ფასი იქნება, რაც იქნება 50-70%-ით უფრო მეტი.
- „ოცნების“ ახალი გადაწყვეტილებით, ეკონომიკური შეფუთვა აღარ დაგვხვდება დახლებზე, მაგრამ შუშის ბოთლებში ლუდის ფასი იგივე დარჩება?
რა თქმა უნდა, თუმცა კორექტირება მოხდება. წარმოიდგინეთ, იდეალურ შემთხვევაში, პლასტმასის ბოთლი აღარ არის და დავუშვათ, ყველაფერი ჩავანაცვლეთ შუშის ბოთლით ან ქილით. შესაბამისად, პლასტმასის ფასი აღარ იქნება და იქნება შუშის ფასი, რომელიც გვაქვს დღეს ბაზარზე. 40 მილიონი ლიტრი ლუდის ინდუსტრიაში იყიდება შუშასა და ქილაში, რასაც გაცილებით მაღალი ფასი აქვს.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
შუშის ბოთლში შეფუთვა თუ ღირს ერთ ლიტრზე დაახლოებით, 7 ლარი, იგივე ერთი ლიტრი პლასტმასის ბოთლში ღირს 5 ლარი. განსხვავება არის დაახლოებით 50%.
ლუდის ინდუსტრიაში ჩვენი პრობლემა ფასის გაზრდა კი არ არის, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ საწარმოო შესაძლებლობები არ არსებობს ქვეყანაში.
ლუდის ინდუსტრიისთვის კარგი მომენტია, რომ პლასტმასის ბოთლი არ არსებობდეს – ჩვენი სპეციფიკური მდგომარეობის გამო გაჩნდა პლასტმასის ბოთლი ინდუსტრიაში. თუ ჩვენ ყველა ერთად დავდებთ გეგმას, 4 წლის განმავლობაში შეგვიძლია მთლიანად ამოვიღოთ პლასტმასის ბოთლი უმტკივნეულოდ, მაგრამ დღესვე რომ გავაუქმოთ, მაგალითად, 100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ და მას ერთი წლის განმავლობაში ვერანაირად ვერ ჩავანაცვლებთ. ეს ვერც ორი წლის განმავლობაში მოხდება.
ამ დროს გაჩნდება საქართველოში, ქართულ ლუდის ინდუსტრიაში გეპი [დანაკლისი].
- ლუდის დეფიციტი გვექნება?
დეფიციტი იდეაში არ იქნება – ის ჩანაცვლდება იმპორტით, მაგრამ ჩვენთან იმპორტით შემოვა – ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან – დაბალფასიანი პროდუქცია, იმიტომ, რომ იმასაც უნდა უღირდეს იმპორტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი გაფუჭდება.
დაბალი ხარისხის ლუდი შემოვა, რომ ეს ნიშა დაიკავოს და ფასი იგივე ან, ვთქვათ, პლასტმასის ბოთლის ფასთან მიახლოებული დაჯდეს 1 ლიტრზე გადათვლით.
- მინის ბოთლის მასობრივი წარმოება პრობლემაა მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, თუ მინის შესყიდვაც პრობლემაა?
ერთიც და მეორეც პრობლემაა. დღეს, თქვენთან საუბრის შემდეგ რომ გავაფორმო ხელშეკრულება მოწოდებაზე, წელიწადნახევარი-ორი წელი ისე დამჭირდება, როგორც არაფერი: ხაზის ჩამოტანა, დამონტაჟება, გაშვება და ასე შემდეგ. ეს ორი წელი იქნება პრაქტიკულად სიცარიელე ბაზარზე, რომელიც დიდი ალბათობით იმპორტირებული პროდუქტით შეივსება.
- რა ხდება არაალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში – აქ რა მოხდება?
პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება. ზოგადად გაყიდვების, ასე ვთქვათ, წყლების და მინერალური წყლების, ლიმონათის 80% არის პეტის ბოთლში [პლასტმასის ბოთლი]. მას ბერანაირად ვერ ჩაანაცვლებ.
წარმოიდგინეთ, როდესაც ყველა შეფუთვა იქნება ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი, ჯერ ამდენი რაოდენობაც არ არის და ვერც იქნება. ამდენი ხაზი არ არსებობს.
ფასი რომ წარმოვიდგინოთ: ჩვენი ლიმონათი, მაგალითად, შუშის ბოთლი დაახლოებით 70%-ით უფრო ძვირია, ვიდრე პლასტმასის ბოთლში იგივე რაოდენობა…
თუ ასეთი მოცემულობა გვექნება, რომ ინდუსტრიები შემცირდება, იმიტომ რომ საწარმოო საშუალებები, გადაიარაღება, გადაწყობა გასაკეთებელია, ყველაფერ ამას ემატება ის, რომ ამის თანხა არავის არ აქვს: მე მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გავითვალისწინო, მაგალითად, ახალი ხაზი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი ხაზის გათვალისწინება დამჭირდება. იქიდან დამჭირდება წელიწად-ნახევარი იმისათვის, რომ ახალი ხაზები დავამონტაჟო, დაახლოებით, ასეთ რეჟიმში გადავალთ.
ამ ტიპის აკრძალვები არსად არ არსებობს. თუმცა რაც არსებობს, ყველაზე კარგი გამოსავალი არის სეპარირებული შეგროვების, ანუ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამუშავება. დიდი ალბათობით ეს იქნება ჩვენი ალტერნატიული შეთავაზება.
- როგორც გავიგე, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს, როგორც დეფიციტს, ასევე ფასის მატებას უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში დაახლოებით 70 %-ით?
ინდუსტრია ამბობს, რომ ეს ფასი სავარაუდოდ გაორმაგდება.
როდესაც საუბრობთ ფასების მატებაზე, ფასები არ გაიზრდება იმაზე უფრო მეტად, ვიდრე დღეს გვაქვს შუშის ბოთლში, ანუ შუშის ბოთლის ფასი იგივე იქნება – იმას არ მოემატება ფასი. უბრალოდ, ეკონომიური შეფუთვა გაქრება ბაზრიდან.
შეიძლება, ვინმე შემოგვიტრიალდეს და თქვას: იცით რა, ფასი არ გაიზრდება. მართლაც, შუშის ბოთლი რაც ღირდა, პირობითად, 2 ლარი, ისევ 2 ლარი იქნება. სამაგიეროდ, აღარ არსებობს ეკონომიური შეფუთვა, რომელიც დღეს გაყიდვების 80%-ია.
აქ ზოგადად ბაზრის შემცირებაა პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების შემცირებაა პრობლემა. წარმოების შემცირება ასევე მუშახელის შემცირებას, შესაბამისად ეკონომიკური ეფექტის შემცირებას იწვევს, გადასახადის შემცირებას და ასე შემდეგ.
ეს არის ის ნეგატიური ეფექტები, რასაც მივიღებთ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლით.
- გასაგებია თქვენთვის, რა განზრახვით მიიღო ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება?
არ ვიცი, ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. ცხადია, ეს არის ეკოლოგიაზე ზრუნვა, თუმცა არაპირდაპირ თუ ჩვენ შევხედავთ, 20-ჯერ მეტი ლოჯისტიკის პირობებში უფრო მეტი გამონაბოლქვი იქნება ქვეყანაში, უფრო მეტი CO2 იქნება, უფრო მეტი ენერგიის მოხმარება. წარმოიდგინეთ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩავანაცვლებთ ყველაფერს შუშით, დღეს თუ 20 000 ტონა პეტს ვიყენებთ, მერე ნახევარი მილიონი ტონა შუშა უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება, ვიზუალური ეფექტი აღარ იყოს, ასე ვთქვათ, დაბინძურების, თუმცა სხვა ტიპის არავიზუალური ეფექტი იქნება დაბინძურების.
ასეთი ტოტალური აკრძალვა არსად არ არის, მაგრამ არის საუკეთესო მოდელები – წარმოების გაფართოებული ვალდებულება. ამაზე უკეთესი არავის მოუგონია.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge