მალე მომხმარებლები WhatsApp-იაპლიკაციით სარგებლობას ტელეფონის ნომრის გარეშე შეძლებენ,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Indipendent ავრცელებს. 

ცვლილების შემდეგ, მომხმარებლებს უნიკალური მომხმარებლის სახელის (**username**) რეგისტრაცია და სხვებისთვის ნომრის ნაცვლად საკუთარი ფსევდონიმის გაზიარება შეეძლებათ.

კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მომხმარებელთა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას ემსახურება.

WhatsApp-ში აღნიშნავენ, რომ ტელეფონის ნომერი „ზედმეტად პირადი მონაცემია, რომელიც ადამიანის ცხოვრების უამრავ სფეროსთანაა დაკავშირებული“.

სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება უცნობებთან კომუნიკაციისას ან ჯგუფებში გაწევრიანებისას, სადაც აქამდე მომხმარებლები იძულებულნი იყვნენ, საკუთარი ნომერი საჯარო გაეხადათ.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს სახელები არ იქნება სოციალური ქსელების ანალოგი- აპლიკაციაში არ იარსებებს საძიებო კატალოგი ან მეგობრების რეკომენდაციების სისტემა. ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ სრულიად განსხვავებული სახელი და არ გაიმეორონ Meta-ს სხვა პლატფორმების (Instagram, Facebook) იდენტური ნიკნეიმები.

 როგორ იმუშავებს ახალი ფუნქცია?
 

ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, username-ი ძირითადი პარამეტრი გახდება. ნებისმიერი ახალი მიმოწერა ტელეფონის ნომრის ნაცვლად სწორედ მომხმარებლის სახელით დაიწყება.
 მომდევნო თვიდან, მომხმარებლებს უკვე შეუძლებათ სასურველი სახელის დაჯავშნა.

ამისათვის საჭიროა აპლიკაციის განახლება, პარამეტრებში (Settings) შესვლა, ანგარიშის (Account) არჩევა და ველის – Username– შევსება.


 მიუხედავად იმისა, რომ სახელების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია, ფუნქცია სრულფასოვნად „მიმდინარე წლის ბოლოსკენ“ ამოქმედდება, რის შესახებაც მომხმარებლები შეტყობინებას მიიღებენ.
„უმრავლესობისთვის WhatsApp-ის მომხმარებლის სახელი უნდა იყოს რაღაც უნიკალური, რაც მხოლოდ მათ ეცოდინებათ, ვისთანაც რეალურად სურთ კონტაქტი. თუ არჩევა გიჭირთ, ჩვენ შემოგთავაზებთ სახელების გენერატორს, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შექმნის ვარიანტს“, - ნათქვამია WhatsApp-ის ოფიციალურ განცხადებაში.