ვენეციაში ტურისტებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა 50 ევრომდე გაიზარდოს.

ვენეცია ტურიზმის მართვის ახალ, ბევრად მკაცრ ეტაპზე გადასვლას განიხილავს. ქალაქის ახლად არჩეული მერის, სიმონე ვენტურინის ინიციატივით, ერთდღიანი ვიზიტორებისთვის შესვლის საფასური შესაძლოა დღეს მოქმედი 5 და 10 ევროდან 30-50 ევრომდე გაიზარდოს. ეს ცვლილება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის და იტალიის ცენტრალური მთავრობის თანხმობას საჭიროებს, თუმცა თავად წინადადება აჩვენებს, რომ ვენეციისთვის მასობრივი ტურიზმი უკვე მხოლოდ ინფრასტრუქტურული ან კულტურული პრობლემა აღარ არის. ის გახდა ფინანსური, სოციალური და ურბანული მდგრადობის საკითხი, სადაც ქალაქი ცდილობს, ტურისტული მოთხოვნა არა მხოლოდ აკრძალვებით, არამედ ფასით მართოს.

ვენეციამ ერთდღიანი ვიზიტორებისთვის შესვლის საფასური პირველად 2024 წელს, საცდელი რეჟიმით შემოიღო. მაშინ გადასახადი 5 ევრო იყო და 29 ყველაზე დატვირთულ დღეს მოქმედებდა. 2025 წელს სისტემა გაფართოვდა, გადასახადი 54 დღეს გავრცელდა, ხოლო დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საფასური 10 ევრომდე გაიზარდა. 2026 წლის ოფიციალური წესებით, გადასახადი მოქმედებს შერჩეულ დღეებზე აპრილიდან ივლისამდე, 08:30-დან 16:00 საათამდე. ვინც ვიზიტს წინასწარ, მინიმუმ მეოთხე დღემდე აფიქსირებს, 5 ევროს იხდის, ხოლო მოგვიანებით ან ბოლო წუთს რეგისტრაციის შემთხვევაში, 10 ევროს. გადასახადი არ ეხებათ ღამისთევით ჩამოსულ ტურისტებს, ადგილობრივებს, ვენეტოს რეგიონის მაცხოვრებლებს, სტუდენტებსა და 14 წლამდე ბავშვებს, თუმცა ბევრი კატეგორია მაინც ვალდებულია, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროს და QR კოდი მიიღოს.

ახალი წინადადების არსი ისაა, რომ ვენეციამ ყველაზე დატვირთულ დღეებში ერთდღიანი ვიზიტი მნიშვნელოვნად გააძვიროს. მერის განცხადებით, დღეს არსებული გადასახადი საკმარისი არ არის ტურისტული ნაკადების შესამცირებლად, ამიტომ ქალაქი განიხილავს მოდელს, სადაც საფასური კონკრეტულ დღეებსა და წინასწარ განსაზღვრულ დატვირთვის ზღვარს დაუკავშირდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქალაქში ვიზიტორების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება, ერთდღიანი შესვლა შესაძლოა 30, 40 ან 50 ევრო გახდეს. ეს უკვე აღარ იქნება სიმბოლური გადასახადი, არამედ რეალური ფასობრივი ბარიერი, რომლის მიზანიც ერთდღიანი, ნაკლებად მომგებიანი და ქალაქისთვის უფრო მძიმე ტურისტული ნაკადის შემცირებაა.

ფინანსურად საკითხი ორმხრივია. ერთ მხარეს დგას ტურიზმი, როგორც შემოსავლის წყარო, მეორე მხარეს კი ქალაქის მოვლა-შენახვის მაღალი ხარჯი. Guardian-ის ცნობით, ვენეციის წლიური მოვლა-შენახვის ხარჯები 100 მილიონ ევროს აჭარბებს. 2024 წლის პილოტურმა შესვლის გადასახადმა ქალაქს დაახლოებით 2.4 მილიონი ევრო მოუტანა, თუმცა AP-ის მონაცემებით, სისტემის საოპერაციო ხარჯმა 2.7 მილიონ ევროს მიაღწია, ანუ პირველ წელს გადასახადი ფინანსურად თითქმის თვითღირებულებაზე მუშაობდა. 2025 წლისთვის ქალაქის ბიუჯეტის წარმომადგენლები უკვე 1-1.5 მილიონი ევროს ჭარბ შემოსავალს ელოდნენ, რაც ძირითადად ნარჩენების შეგროვებისა და მუნიციპალური სერვისების ხარჯების დასაფარად უნდა გამოყენებულიყო.

თუ გადასახადი მართლაც 30-50 ევრომდე გაიზრდება, ეკონომიკური ეფექტი ბევრად უფრო შესამჩნევი გახდება. 2024 წელს გადასახადი დაახლოებით 450 ათასმა ერთდღიანმა ვიზიტორმა გადაიხადა. თუ იგივე რაოდენობა 30 ევროს გადაიხდიდა, ქალაქის მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 13.5 მილიონი ევრო იქნებოდა, ხოლო 50 ევროს შემთხვევაში, 22.5 მილიონი ევრო. ეს სცენარული გაანგარიშებაა და არ ნიშნავს ოფიციალურ პროგნოზს, რადგან მაღალი ფასი ვიზიტორების ნაწილს სავარაუდოდ შეამცირებს. მაგრამ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკის ეკონომიკური ლოგიკა, ვენეციას სურს, ან მიიღოს მეტი შემოსავალი იმ ტურისტებისგან, რომლებიც ყველაზე დატვირთულ დღეებში მაინც ჩავლენ, ან ფასის ზრდით ნაკადი შეამციროს და ქალაქზე ზეწოლა დააკლოს.

ამასთან, 50 ევროს გადასახადიც კი ვერ დაფარავს ვენეციის მოვლა-შენახვის მთელ ღირებულებას. თუ ქალაქი 450 ათასი გადამხდელის სცენარში 22.5 მილიონ ევროს მიიღებს, ეს 100 მილიონ ევროზე მეტი წლიური ხარჯის დაახლოებით მეხუთედს დაფარავს. თუ გადამხდელი ვიზიტორების რაოდენობა ფასის ზრდის გამო შემცირდება, შემოსავალიც დაიკლებს. ამიტომ, გადასახადი არ უნდა განვიხილოთ როგორც ბიუჯეტის სრული გადაწყვეტა. ის უფრო არის ფინანსური ფილტრი, რომელიც ქალაქს აძლევს საშუალებას, ტურისტული დატვირთვის ნაწილი დააფინანსოს და პარალელურად ერთდღიანი ვიზიტების ქცევაზე იმოქმედოს.

ვენეციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმიტომ, რომ ქალაქის ტურისტული მასშტაბი მის დემოგრაფიულ რეალობას მნიშვნელოვნად აჭარბებს. AP-ის მონაცემებით, ისტორიულ ცენტრში ოფიციალურად მხოლოდ 48 283 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა ტურისტული საწოლების რაოდენობა 51 129-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის საცხოვრებელი ფუნქცია სულ უფრო მეტად ტურისტულ ფუნქციას უთმობს ადგილს. წელიწადში ვენეციაში, ერთდღიანი და ღამისთევით ჩამოსული სტუმრების ჩათვლით, დაახლოებით 25-30 მილიონი ვიზიტორი ჩადის. ასეთი დისბალანსი ზრდის საცხოვრებლის ფასებს, ამცირებს მუდმივ მოსახლეობას, ცვლის ადგილობრივი ბიზნესის სტრუქტურას და ქალაქს თანდათან ყოველდღიური ცხოვრების სივრციდან ტურისტულ დეკორაციად აქცევს.

ამ ფონზე 50 ევროს იდეა მხოლოდ ტურისტული გადასახადის ზრდა არ არის. ის არის მცდელობა, შეიცვალოს ვენეციის ტურისტული მოდელი. ქალაქისთვის ყველაზე პრობლემური სეგმენტი ერთდღიანი ვიზიტორებია, რომლებიც ხშირად არ რჩებიან სასტუმროში, ნაკლებად ხარჯავენ ადგილობრივ ეკონომიკაში, მაგრამ ქმნიან მნიშვნელოვან დატვირთვას ტრანსპორტზე, ქუჩებზე, ნარჩენების მართვაზე, უსაფრთხოებასა და ისტორიულ ინფრასტრუქტურაზე. ღამისთევით ჩამოსული ტურისტი სასტუმროს, რესტორნებს, მომსახურებებსა და ქალაქის ტურისტულ გადასახადებს იყენებს, ერთდღიანი ვიზიტორი კი ხშირად უფრო დაბალ ეკონომიკურ ღირებულებას ტოვებს, მაგრამ ქალაქზე იგივე ან უფრო მაღალი ფიზიკური ზეწოლა აქვს.

სწორედ ამიტომ, ვენეციის ნაბიჯი შეიძლება გახდეს ტესტი სხვა ტურისტული ქალაქებისთვისაც. ევროპაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ ზომები უკვე ფართოვდება. რომმა 2026 წელს ტრევის შადრევანთან ახლოს მისვლისთვის 2 ევროს საფასური შემოიღო, რათა გადატვირთული სივრცე უკეთ ემართა და ძეგლის მოვლა დაეფინანსებინა. მსგავსი ლოგიკა ჩნდება ბარსელონაში, ამსტერდამში, ფლორენციასა და სხვა ქალაქებშიც, სადაც ტურიზმი ეკონომიკური ზრდის წყაროა, მაგრამ ადგილობრივი ცხოვრების ხარისხს და ურბანულ მდგრადობას აზიანებს. ვენეცია ამ პროცესში ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ქალაქი ფიზიკურად შეზღუდული, ეკოლოგიურად მყიფე და ისტორიულად განსაკუთრებული სივრცეა.

ბიზნესკუთხით, გადასახადის ზრდას რამდენიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, ტურისტული ნაკადი შესაძლოა უფრო გადანაწილდეს ნაკლებად დატვირთულ დღეებზე, თუ მაღალი საფასური მხოლოდ პიკურ თარიღებზე იმოქმედებს. მეორე, გაიზრდება სტიმული, რომ ვიზიტორებმა ვენეციაში ღამე გაათენონ და ერთდღიანი ვიზიტის ნაცვლად უფრო მაღალი დანახარჯის ტურისტებად იქცნენ. მესამე, ტუროპერატორებს მოუწევთ ფასების, პაკეტებისა და მარშრუტების გადახედვა, განსაკუთრებით იმ სეგმენტში, რომელიც ვენეციას სწრაფი, ერთდღიანი ექსკურსიის ფორმატში ყიდის. მეოთხე, ადგილობრივი ბიზნესისთვის ეფექტი არაერთგვაროვანი იქნება. მაღალი გადასახადი შეიძლება შეამციროს დაბალბიუჯეტიანი ნაკადი, მაგრამ იმავე დროს გაზარდოს ერთ ვიზიტორზე საშუალო ხარჯვის მნიშვნელობა.

რისკებიც მნიშვნელოვანია. თუ საფასური ძალიან მაღალი იქნება, ვენეცია შეიძლება გახდეს უფრო ელიტური მიმართულება და გაჩნდეს კრიტიკა, რომ ქალაქი კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომას მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტებისთვის ამარტივებს. გარდა ამისა, გადასახადი მარტო ვერ მოაგვარებს მოკლევადიანი გაქირავების, საცხოვრებლის გაძვირების, ადგილობრივი მოსახლეობის შემცირებისა და ეკონომიკის ტურიზმზე ზედმეტი დამოკიდებულების პრობლემებს. კრიტიკოსების მთავარი არგუმენტიც სწორედ ეს არის, 5 ევროს საფასურმა ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად ვერ შეამცირა, ხოლო თუ 50 ევრო მხოლოდ შემოსავლების ზრდის ინსტრუმენტად დარჩება და არ დაერთვება საცხოვრებლის, ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი სერვისების პოლიტიკას, შედეგი შეზღუდული იქნება.

საბოლოოდ, ვენეციის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ტურიზმის ეკონომიკა ახალ ეტაპზე შედის. წლების განმავლობაში ქალაქები ვიზიტორების რაოდენობის ზრდას წარმატების ინდიკატორად მიიჩნევდნენ, ახლა კი მთავარი კითხვა იცვლება, რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია ქალაქს ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. ვენეციისთვის 50 ევროს გადასახადი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სიგნალი, რომ ყველაზე მყიფე ტურისტული მიმართულებები მასობრივ ნაკადებს უფასოდ და ულიმიტოდ აღარ მიიღებენ. თუ სისტემა სწორად დაინერგება, ქალაქი მიიღებს მეტ ფინანსურ რესურსს და უკეთ მართავს დატვირთვას. თუ არა, ვენეცია კვლავ დარჩება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ტურიზმის წარმატებამ თვითონ ქალაქის ყოველდღიური სიცოცხლე დააზიანოს.

წყაროები: