"უმძიმესი პირობებია დღეს ქართული ცხვრისა და მისი პატრონებისთვის", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" თუშური მეცხვარეობის განვითარების გაერთიანების თავმჯდომარემ, ბორძა ცაძიკიძემ ისაუბრა.
მისივე თქით, თუშური ცხვარი მილევის გზაზეა და ამ უნიკალურ ჯიშს გადაშენება ემუქრება.
თუშური მეცხვარეობის განვითარების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, საქმიანობაზე ხელის აღებისა და ამ კულტურის განადგურების მთავარი წინაპირობა თუშეთის საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალი ცხვრის ტრასების კერძო პირებზე გასხვისებაა.
- ქვეყნის გულშემატკივრებში არავინ მეგულება, თუშ მეცხვარეს არ თანაუგრძნობდეს ცხვრის ტრასის გაყიდვის გამო. საერთო აზრით, ეკონომიკის განვითარების ნაცვლად, ასეთი ქმედებით სახელმწიფომ უნიკალური კულტურის გადაშენებას შეუწყო ხელი.
- ერთია, რომ ამ დღეში ჩაგდებით ჩვენს ამ მართლაც უნიკალურ ჯიშს გადაშენება ემუქრება, მეორე ის არის, რომ ასეთი საქმის ჩამდენები ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც შლიან. ის გზა, რომელზეც თუშური ცხვარი უკვე საუკუნეებია დადის, რეალურად ქართული მატერიალური კულტურის ძეგლია და მასთან ასე უდიერად მოქცევის უფლება არავის ჰქონდა. ვინ მისცა უფლება სახელმწიფო სავარძლებში დროებით მჯდარ ადამიანებს, რომ ეს ღირებულებები ასეთ მძიმე დღეში ჩაეგდო?! ქართულ ცხვარს ამ ტრასაზე 50 მ სიგანის ფართობი ეკუთვნის სავალად. კეთილდღეობას დახარბებულმა ხალხმა ეს ფართობები ბოლო მეტრამდე გაყიდა და ცხვარი ასფალტზე შეაგდო, სადაც სიარული წარმოუდგენელია. განა რა სიკეთე ნახა ეკონომიკამ ასეთი, რომ ცხვარს ეს 50 მეტრი წაგლიჯა და გადაშენების პირას დააყენა?! არაფერი! მხოლოდ ვიღაცებმა მოიწყვეს პირადი კეთილდღეობა ქართული ცხვრისა და მეცხვარის გაწირვის ხარჯზე. ცხადია, გაყიდულია ტრასაზე ცხვრის მოსასვენებელი ადგილებიც. მეცხვარემ ისიც არ იცის, ასფალტზე სიარულით გასავათებული ცხვარი სად დაასვენოს და როცა სადმე დაასვენებს, რა თანხას მოსთხოვს მეპატრონე.
- არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ უკვე გასხვისებულ ტერიტორიებზე მესაკუთრეები მეცხვარეებს ფულს სთხოვენ, რათა ცხვარი გზაზე გაატარონ.
- რა თქმა უნდა, სთხოვენ და ზოგიერთის მადას საზღვარი არა აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში აგდებენ მეცხვარეს, როცა ამ ფულის მოთხოვნებს წარმოუდგენლად უზრდიან. ნატურის სახითაც ითხოვენ, ფული თუ არა გვაქვს, გავლაში ცხვარი მოგვეციო! ეს არის მეცხვარისა და საერთოდ, ადამიანის დაცინვა, რასაც მეცხვარეები ვერ მოითმენენ.