არგენტინა ემზადება პროგრამის დასაწყებად, რომელიც უცხოელებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ინვესტიციის სანაცვლოდ მისცემს, იუწყება გამოცემა "Financial Times"-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, განიხილება მონაწილეობის ორი ვარიანტი:
- დაახლოებით 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი, უკან დაუბრუნებელი შენატანის გაკეთება;
- ან 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა.
პროგრამის საბოლოო პირობები ჯერ დამტკიცებული არ არის და შესაძლოა შეიცვალოს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, არგენტინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროგრამა სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
მისი ამოქმედების შემთხვევაში, არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა გახდება, რომელიც ინვესტიციის სანაცვლოდ ე.წ. „ოქროს პასპორტებს“ გასცემს.
არგენტინის მოქალაქეობა თითქმის 170 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იძლევა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არგენტინა რუსეთის მოქალაქე ემიგრანტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა.
2025 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა, რაც, Financial Times-ის ცნობით, ნაწილობრივ ახალი საინვესტიციო პროგრამის მომზადებასაც უკავშირდებოდა.