სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელებში ადგილიდან გავრცელებულ კადრებში დატბორილი ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები ჩანს. როგორც „კომერსანტს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩები დაიტბორა ზუგდიდშიც, რთული მდგომარეობაა რამდენიმე სოფელშიც. დატბორილია ბათუმიც.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ მოსახლეობის ნაწილი დააზარალა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასაც მიაყენა ზიანი. დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გრუნტოვანი გზები და ხიდების ნაწილი.
მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგების მონიტორინგი და სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან უამინდობა ჯერ კიდევ გრძელდება და ადგილზე მუშაობა რთულ პირობებში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სრულად არიან მობილიზებული და ადგილზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკაც. მერიის განმარტებით, რეაგირება ხდება მოქალაქეების თითოეულ მიმართვაზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო ჯგუფების, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ბრიგადებისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ჩართვით.
„სტიქიასთან ბრძოლა რთულია. მყისიერი რეაგირება ხდება თითოეული მოქალაქის ზარზე, იქნება ეს სამაშველო ჯგუფის გამოძახება, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის შესაბამისი ბრიგადის მისვლა თუ სხვა. რეაგირება ყველა მიმართულებით ხორციელდება, რათა მოქალაქეები უყურადღებოდ არ დარჩნენ. დილიდან მასიურად არის დაგეგმილი გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ამ წუთებშიც კოკისპირულად წვიმს“, - აცხადებენ სენაკის მერიაში.
სტიქიის დასრულების შემდეგ შესაბამისი კომისია დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებსა და სასოფლო-სამეურნეო ფართობებს შეისწავლის, რის შემდეგაც ზარალის ოდენობა ოფიციალურად განისაზღვრება.