რუსეთში მარცვლეულის აღების სეზონის დაწყებასთან ერთად, საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება აგროსექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ რისკად იქცა. მოსავლის აღების პერიოდში კომბაინების, სატვირთო ტექნიკისა და ლოგისტიკური ჯაჭვის უწყვეტი მუშაობა პირდაპირ არის დამოკიდებული დიზელის საწვავზე. შესაბამისად, სეზონურად მოთხოვნის ზრდა ბუნებრივი პროცესია, თუმცა პრობლემა მაშინ მძაფრდება, როდესაც მოთხოვნის მატებას ემთხვევა მიწოდების შეფერხება, ფასების ზრდა და ადმინისტრაციული კონტროლის გამკაცრება. სწორედ ასეთ ფონზე, რუსეთის რამდენიმე რეგიონში საწვავის გაყიდვაზე დროებითი შეზღუდვები, ლოკალიზებული დეფიციტი და ფასების ზედამხედველობის გაძლიერება ფიქსირდება.

საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ რეგიონებისთვის, სადაც მარცვლეულის მოსავლის აღება უახლოეს პერიოდში იწყება. ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური საწვავის გაყიდვებზე ზედამხედველობას აძლიერებს, მათ შორის ნავთობის ბაზებიდან, საწყობებიდან და ბენზინგასამართი სადგურებიდან ფერმერებისთვის საწვავის მიწოდების მიმართულებით. რეგიონულ ხელისუფლებებს კი ევალებათ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საჭიროებების შეფასება და საწვავზე მოთხოვნის განსაზღვრა. ეს მიუთითებს, რომ პრობლემა მხოლოდ ფასების ზრდა არ არის, არამედ ბაზრის სტაბილურობისა და სეზონური სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარების საკითხიც.

ექსპერტების შეფასებით, საწვავის დეფიციტმა შესაძლოა მოსავლის აღების შეფერხება გამოიწვიოს, რაც ფერმერებისთვის პირდაპირ დანაკარგად ითარგმნება. თუ კომბაინები და ტრანსპორტი საჭირო დროს ვერ იმუშავებს, მარცვლეულის ნაწილი შესაძლოა ხარისხობრივად დაზიანდეს ან დაიკარგოს. ასეთი დანაკარგი, ცალკეული შეფასებებით, შესაძლოა 5-10%-საც აღწევდეს, რაც მსხვილი აგროსაწარმოებისთვისაც კი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამასთან, ფასების ზრდა ფერმერების ხარჯებს ჰექტარზე რამდენიმე ათასი რუბლით ზრდის, რადგან საწვავი პირდაპირი წარმოების ხარჯების დაახლოებით 10-15%-ს, ზოგ შემთხვევაში კი 20%-მდეც შეადგენს.

პრობლემა მხოლოდ საწვავის შეძენით არ სრულდება. ფასების ზრდა ავტომატურად აძვირებს მარცვლეულის ტრანსპორტირებას, ტექნიკის მომსახურებას, რესურსების მიწოდებას და მთლიანად ლოგისტიკურ ჯაჭვს. შედეგად, ფერმერების მომგებიანობაზე ორმაგი ზეწოლა ჩნდება: ერთი მხრივ იზრდება წარმოების ხარჯი, მეორე მხრივ კი ბაზარზე ჭარბი მიწოდების ან ლოკალური ფასების შემცირების შემთხვევაში, შემოსავალი შესაძლოა არ გაიზარდოს იმავე ტემპით. ამიტომ, თუნდაც მოსავლის აღების კამპანია მასშტაბურად არ შეფერხდეს, საწვავის გაძვირება და მიწოდების რისკები რუსეთის აგროსექტორის ფინანსურ მდგრადობას მაინც სერიოზულ გამოწვევას უქმნის.

ამ ეტაპზე ბაზრის ექსპერტები მოსავლის აღების პროცესის მასშტაბურ ჩავარდნას არ პროგნოზირებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მთავარი დარტყმა არა წარმოების მოცულობაზე, არამედ ფერმერების მოგებიანობაზე აისახება. თუ საწვავის ბაზარზე ვითარება მოკლე დროში არ დასტაბილურდება, აგროსექტორს მოუწევს უფრო მაღალი ხარჯებით მუშაობა, რაც საბოლოოდ მარცვლეულის ფასებზე, ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე და შიდა ბაზრის სტაბილურობაზეც შეიძლება აისახოს.