აგენტური AI უკვე აღარ არის მომავლის ტექნოლოგია. ის დღეს და ახლა ცვლის როგორც ყიდვის პროცესს, ისე ბრენდების კომუნიკაციას. მთავარი კითხვა კი ისაა, როგორ შეიცვლება მომხმარებლის გზა პროდუქტის აღმოჩენიდან შეძენამდე და ვინ დარჩება მოგებული ამ ახალ რეალობაში.

აშშ-ში, ბრიტანეთსა და გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელი მომხმარებლების 75% მზად არის, ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს პროდუქტის არჩევაში. ეს აჩვენებს, რამდენად სწრაფად გაიზარდა AI-ს მიმართ ნდობა ბოლო წლებში.

თუმცა მომხმარებლები მკაფიო ზღვარს ავლებენ „შოპინგსა“ და „შეძენას“ შორის. მათ მოსწონთ, როდესაც AI ეხმარება პროდუქტის მოძიებაში, ვარიანტების შედარებაში, ფასების ანალიზსა და არჩევანის შემცირებაში. მაგრამ გაცილებით ნაკლებად არიან მზად, ხელოვნურმა ინტელექტმა მათი თანხმობის გარეშე თავად შეასრულოს შესყიდვა.

ამ ცვლილებასთან ერთად იცვლება კომერციული მედიის წესებიც. თუ ადრე წარმატება რეკლამის თვალსაჩინო განთავსებაზე იყო დამოკიდებული, ახლა გადამწყვეტი ხდება ის, მოხვდება თუ არა პროდუქტი AI-ს რეკომენდაციებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გავლენა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე, უბრალოდ, რეკლამის პოზიცია.

კვლევამ აჩვენა, რომ კომერციული მედიის სფეროს ლიდერების 84% მზად არის ინვესტირება გააკეთოს ისეთ შესაძლებლობებში, რომლებიც მათ პროდუქტებს AI-ს მიერ გენერირებულ რეკომენდაციებში უკეთესად წარმოაჩენს. კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მონაცემთა ხარისხს, AI-სთან ინტეგრაციასა და სისტემებს, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობას ამარტივებს.

ამავდროულად, სრულად ავტომატიზებული გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ბაზარი უფრო ჰიბრიდული მოდელისკენ მიისწრაფვის, სადაც ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ინფორმაციას და რეკომენდაციებს გასცემს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შედეგების გაზომვაც. კომპანიებს სჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ AI-ში ჩადებული ინვესტიციები რეალურ შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომ, რესპონდენტების 92% გეგმავს სპეციალური ანალიტიკური და საზომი ინსტრუმენტების დანერგვას, რომლებიც AI-ს მიერ გავლილ მომხმარებლის გზას შეაფასებს.

ექსპერტების შეფასებით, კომერციული მედია სწრაფად გადადის რეკლამების ეპოქიდან „გადაწყვეტილების ეკონომიკის“ ეპოქაში, სადაც წარმატებას განსაზღვრავს არა ის, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ ის, რამდენად ხშირად აირჩევს AI კონკრეტულ პროდუქტს მომხმარებლისთვის რეკომენდაციის გასაცემად.

მომდევნო 18 თვის განმავლობაში მოსალოდნელია ახალი მონეტიზაციის მოდელების, სარეკლამო ფორმატებისა და AI-ზე მორგებული კომერციული ინსტრუმენტების გამოჩენა. ამ გარემოში გამარჯვებულები ის კომპანიები იქნებიან, რომლებიც შეძლებენ არა მხოლოდ ხილვადობის, არამედ AI-ს რეკომენდაციების სისტემაში გავლენის მოპოვებას.

www.marketer.ge