პოპკულტურის, კინოსა და მუსიკის ისტორიიდან უამრავი საკულტო ნივთი მალე სააუქციონო სივრცეში გამოიფინება. სააუქციონო სახლის, Heritage Auctions-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით Hollywood & Entertainment Signature Auction, რომელიც 13-17 ივლისს გაიმართება, მთავარი ყურადღება კინოარტეფაქტებზე იქნება მიპყრობილი.

სააუქციონო კოლექციის უმთავრესი ლოტი „ვარსკვლავური ომებიდან“ ლუკ სკაიუოკერის მანათობელი ხმალი იქნება, რომელიც 1980 წლის საკულტო ფილმში მარკ ჰემილის პერსონაჟს ეკუთვნოდა. ამ ნივთს, რომელიც სიუჟეტის მიხედვით მოკვეთილი ხელის სპეციალურ მულაჟთან ერთად იყიდება, აუქციონზე აქამდე არასდროს გამოუტანიათ და მისი საწყისი ფასი 1 მილიონ დოლარს შეადგენს.

კინოატრიბუტიკის მიღმა, გამოფენა-გაყიდვაზე მუსიკალური სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნივთიც გამოჩნდება. ეს არის ჯონ ლენონის მიერ ხელით დაწერილი ტექსტი The Beatles-ის სიმღერისთვის If I fell. ლენონმა ის ვალენტინობის ბარათის უკანა მხარეს 1964 წელს, ნიუ-იორკში ჯგუფის პირველი ისტორიული სატელევიზიო გამოსვლის წინ ჩაინიშნა. ამ ლოტის საწყისი ღირებულება 500 000 დოლარია.

კოლექციონერებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება კინოს ოქროს ხანისა და თანამედროვე ბლოკბასტერების სხვა ცნობილი აქსესუარები. მაგალითად, 1939 წლის ფილმიდან „ოზის ჯადოქარი“ დასავლეთის ბოროტი კუდიანის ქუდის საწყისი ბიჯი 100 000 დოლარიდან იწყება, ხოლო ჯინ უაილდერის მიერ 1971 წელს ფილმში „ვილი ვონკა და შოკოლადის ფაბრიკა“ გამოყენებული ყავისფერი ცილინდრის ფასი 50 000 დოლარიდან განისაზღვრა.

სპორტული დრამების მოყვარულებს კი შესაძლებლობა ექნებათ იბრძოლონ სილვესტერ სტალონეს საკულტო საკრივო ფეხსაცმლისთვის ფილმიდან „როკი 3“, რომლის საწყისი ფასი 100 000 დოლარია.

ამასთან, აუქციონზე გამოიტანენ ორ ხალიჩას შავი კომედიიდან „დიდი ლებოვსკი“, რომლებიც ფილმის სიუჟეტის მთავარ ხაზს ქმნის. თითოეული მათგანის საწყისი ფასი 15 000 დოლარი იქნება. სააუქციონო სივრცეში სხვა საინტერესო ნივთებიც გამოჩნდება, მათ შორის პოლ ნიუმენის ჰოკეის მაისური, ფრანკენშტეინის პატარძლის ყელსაბამი და გასაბერი ავტოპილოტიც კი საკულტო პაროდიიდან „თვითმფრინავი“.

Heritage Auctions-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო მადალენას განცხადებით, ეს ღონისძიება გასართობი ინდუსტრიის მთელ სპექტრს აერთიანებს – ჰოლივუდის კლასიკური პერიოდიდან დაწყებული, თანამედროვეობის უმსხვილესი კინოჰიტებითა და მუსიკალური ისტორიის ყველაზე გავლენიანი მომენტებით დასრულებული.

წყარო: Fastcompany, www.marketer.ge