„ნამახვანჰესის“ საქმეზე გადასახდელი თანხა მზის ენერგიაში რომ ჩაგვედო, ბათუმისა და ქუთაისის 160 ათას ოჯახს დავაკმაყოფილებდით, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.

მამუკა გვილავა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებასთან უნდა დააყენოს საკითხი, რომლის მიხედვითაც „ენკასთვის“ გადასახდელი თანხა საქართველოში მზის პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, თავად კომპანიას კი თურქული მხარე შეღავათებს შესთავაზებს.

„383.2 მილიონი დოლარი რამეს გახსენებთ? ეს არის ის ჯარიმა, რაც დაგვეკისრა არასწორად აშენებული ჰესის გამო, საუბარი მაქვს „ნამახვანჰესზე“. ეს თანხა გადასახდელი გვაქვს. გადავთვალე რამდენს მივიღებდით ეს რომ მზის ენერგიაში დაგვეხარჯა. მაგალითად, რომ აგვეღო სესხი (ეს თანხა ახლა მაინც გადასახდელია), მზის ენერგიით ბათუმისა და ქუთაისის მოსახლეობას, დაახლოებით 160 ათას ოჯახს დავაკმაყოფილებდით.

მე მგონია, რომ საქართველომ პრიორიტეტები უნდა გადაალაგოს, არ გვჭირდება ერთ დიდ პროექტში ინვესტირება, გვჭირდება საზოგადოებაში ინვესტირება. მივცემთ 3 000 დოლარის გრანტი თითო ოჯახს და 3 კვტ მზის ენერგიას დადგამენ. მაგალითად სოფლებში მსგავსი პროექტების განხორციელების პერსპექტივა მაღალია, ქალაქში შედარებით რთული იქნება, რადგან საერთო სახურავია, მაგრამ ამისთვისაც შეგვიძლია შევიმუშაოთ შესაბამისი სამართლებრივი ბაზა. დიდი ლუკმა გამოგვაცალეს ყველას ერთად, ბიუჯეტიდან მოგვიწევს ამ 383.2 მლნ დოლარის გადახდა, ამას ემატება ჯარიმებიც და 450 მილიონი უნდა იყოს ახლა გადასახდელიო. ვცადეთ ჰესების გაკეთება და ვნახეთ დიდი დანაკლისი.

რა ქნას ახლა საქართველომ 1 მილიარდი ლარი გადაიხადოს? ჩვენი ბიუჯეტის 5%-ია და ამის გადახდის საშუალება არ გვაქვს. 31 მხარეთა შეხვედრა (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილე მხარეების 31-ე კონფერენცია) ახლა იმართება ანტალიაში, შეიძლება აქ დავსვათ ასეთი საკითხი, იქნებ დაევალოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს მილიარდი გამოყოს საზოგადოებისთვის და თურქეთის ხელისუფლებამ თქვას, რომ მოვილაპარაკებ კერძო სექტორთან, მაგალითად, იმ კომპანიას („ენკა“) გავუკეთებ შეღავათებს და ხელს გიწყობთ პროექტის განხორციელებაშიო.

თურქეთის ელჩის კომენტარები გვახსოვს, როცა „ნამახვანს“ პრობლემები შეექმნა, ახლა საქართველოს აქვს პრობლემა, ამდენი თანხა გვაქვს გადასახდელი. ეს არ არის დიპლომატიური, მაგრამ გარემოს დამცველები ხანდახან დიპლომატიის მიღმა მიდიან. დავაყენოთ ეს საკითხი მასპინძელ თურქეთთან - საქართველომ მილიარდი ლარი მზის ენერგიის და მზის გამათბობლებისთვის გამოყოს, თუ დავდებთ პირობას, რომ ამ თანხას მსგავს პროექტში დავხარჯავთ ეს იქნება სასარგებლო საქართველოსთვისაც, თურქეთისთვისაც და მსოფლიოსთვისაც“, - განაცხადა მამუკა გვილავამ.

www.bpn.ge