ისრაელში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი ბექა დვალი უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება. დიპლომატს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

„მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, მათ შორის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბექა დვალი 2022 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ავსტრალიის თანამეგობრობაში. 2012-2022 წლებში იგი საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

დიპლომატიური კარიერის განმავლობაში დვალი სხვადასხვა დროს მუშაობდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსად.