კომპანია "ქინძმარაულის" კომერციული დირექტორის, თამარ რობიტაშვილის ინფორმაციით, მეღვინეობის სექტორში განხორციელებული ყველა ცვლილების მიზანია, ქვეყანამ ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს.

როგორც თამარ რობიტაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ყურძნის შაქრიანობის რეგულაციის მიზანია, ქვეყანამ უფრო მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოოს და პროდუქტი ფართო მასებისთვის მეტად საინტერესო გახდეს.

"მეღვინეობაში ყურძნის შაქრიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომლის გათვალისწინებითაც ხარისხიანი ღვინო იწარმოება. შესაბამისად, ცვლილების მიზანია, საქართველოში უფრო მაღალი ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ და ჩვენი პროდუქტი ფართო მასებისთვის მეტად საინტერესო გახდეს.

რაც შეეხება გამოწვევებს -  აუცილებელია მევენახეების ინფორმირება, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც ვენახი სამეწარმეო მიზნით აქვთ გაშენებული და მოსავლის რეალიზაციას დიდ მარნებსა და ღვინის ქარხნებში გეგმავენ. ამასთან, ჩვენი მხრიდან ყველა ქარხანას მიეწოდება სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შაქრიანობის დონეა საჭირო კონკრეტული ღვინის დასამზადებლად. ხარისხიანი ყურძნის მისაღებად, რა თქმა უნდა, ვენახის სათანადო მოვლა მნიშვნელოვანია, თუმცა შაქრიანობის დონე დიდწილად გარემო და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყურძენმა შაქრიანობის მინიმალურ ზღვარს გადააჭარბოს", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

თამარ რობიტაშვილი კომერციული მიზნით ვენახების გაშენების წესში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს და აცხადებს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოსგან წინასწარი თანხმობის მიღება სწორი მიდგომაა.

"აღნიშნული მევენახეებს მიწის ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას მისცემს, რის შედეგადაც წინასწარ ეცოდინებათ, როგორ იმოქმედებს გარემო პირობები ყურძნის ხარისხზე. ეს კი საბოლოოდ, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს", - ამბობს "ქინძმარაულის" კომერციული დირექტორი.

მისივე შეფასებით, 2027 წლიდან ღვინის ეტიკეტზე QR კოდის დატანის ვალდებულების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლები ღვინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მარტივად მიიღებენ.

"თავიდან ნებისმიერი ცვლილება გაურკვევლობას იწვევს, თუმცა ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გვაინტერესებს, ღვინის ეროვნული სააგენტო გვაწვდის. აღნიშნული რეგულაცია მომხმარებლებს ღვინის შესახებ დეტალური ინფორმაციის მარტივად მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც სწორი მიდგომაა. რაც შეეხება ხარჯს, მისი ოდენობა ერთ ბოთლზე დაახლოებით 10 თეთრით განისაზღვრა", - აცხადებს თამარ რობიტაშვილი.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ მეღვინეობის დარგში დაგეგმილი ყველა რეფორმის მიზანია, მსოფლიო ღვინის ბაზარზე ქართულმა ღვინომ კონკურენცია გაუწიოს მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ე.წ. ახალი ქვეყნების ღვინოები. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი