რუსული სამიზნეების 80 პროცენტზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ნადგურდება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი წარმოებისაა. გასული წლის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა 819 737 ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების ქვედანაყოფების ეფექტიანობის შეფასების ინიციატივის (e-Baly (E-points) – „ელექტრონული ქულები“) პრეზენტაციაზე განაცხადა. აღნიშნული სისტემა ბონუსებზე დაფუძნებული შეფასების მექანიზმია, რომელიც, პროგრამა „დრონების არმიის“ ფარგლებში, უკრაინული უპილოტო ქვედანაყოფების მუშაობას აჯამებს.

„არტილერიას კვლავაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სხვა კუთხით. პირადი შემადგენლობა - და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეითები - ფუნდამენტურ ამოცანებს ასრულებენ. თუმცა, თავად ომი ისეთ ევოლუციას განიცდის, რომ ყველაფერი სხვა ელემენტზე ხდება დამოკიდებული: ვინ არის უფრო სწრაფი და ძლიერი ტექნოლოგიების გამოყენებაში, ვინ ახდენს უკეთ მათ ადაპტირებასა და ბრძოლის ველზე გამოყენებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ 2025 წელს უკრაინულმა დრონებმა მტრის თითქმის 820 000 სამიზნეს დაარტყეს. მისივე განმარტებით, თითოეული ასეთი დარტყმა ფიქსირდება, რაც არა მხოლოდ შედეგების გადამოწმებას უწყობს ხელს, არამედ უზრუნველყოფს ბონუსური სისტემის მუშაობას, რომელიც სამხედროების ეფექტიანობის შესაფასებლად გამოიყენება. Brave1-ის პლატფორმაზე დაგროვილი ელექტრონული ქულების გადაცვლა ქვედანაყოფებს დრონებზე, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებზე, სხვადასხვა აღჭურვილობასა და სამხედრო ინვენტარზე შეუძლიათ.

„ჩვენი ბონუსური ელექტრონული სისტემა თავდაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. მაღალ შედეგს კი ჩვენმა ქვედანაყოფებმა დეკემბერში 35 000 ოკუპანტის ლიკვიდაციით მიაღწიეს“, - განაცხადა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსული „შაჰედებისა“ და სხვა ტიპის უპილოტო აპარატებისგან თავდაცვის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას და დასძინა, რომ მოწინააღმდეგის დრონების განეიტრალების მაჩვენებელი „მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს“.

უკრაინის პრეზიდენტმა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

წყარო: 1 არხი