30 იანვარს ვაშინგტონში გამართულ დახურულ შეხვედრაზე მყოფი ოთხი წყარო Axios-ს უყვება, რომ საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი დემონსტრანტების სასტიკი დარბევის საპასუხოდ ირანზე იერიშს არ მიიტანს, რეჟიმი უფრო გაძლიერდება.
მანამდე მინისტრმა 29 იანვარს თეთრ სახლში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან, თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე გენერალ დენ ქეინთან ხანგრძლივი შეხვედრა გამართა. ინფორმირებული წყაროს თქმით, შეხვედრაზე მთავარი ყურადღება ირანზე აშშ-ს შესაძლო სამხედრო დარტყმას დაეთმო.
30 იანვარს კი პრინცა ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე დაახლოებით 15 ანალიტიკოსსა და ხუთი ებრაული ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა გამართა. წყაროების თანახმად, მან ამ შეხვედრაზე თქვა, რომ მისი აზრით, ტრამპს კვირების განმავლობაში გაკეთებული მუქარების შემდეგ სამხედრო მოქმედებაზე წასვლა მოუწევდა, თუმცა პარალელურად, მას რეგიონული ესკალაციის რისკების შემცირებაც უნდა ეცადა.
"ამ ეტაპზე, თუ ეს [იერიში] არ მოხდება, ეს რეჟიმს მხოლოდ გააძლიერებს" - თქვა მინისტრმა, ოთახში მყოფი წყაროების მიხედვით.
ორმა წყარომ აღნიშნა, რომ მათი გაგებით, თავდაცვის მინისტრი თეთრ სახლში გადმოცემულ გზავნილს იმეორებდა.
Axios აღნიშნავს, რომ მინისტრის ეს განცხადება საუდის არაბეთის ოფიციალური განცხადებებისგან განსხვავდება, რომლებიც ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებდა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 30 იანვარს გამართულ სხვა შეხვედრაზე სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რეგიონი "ჩიხშია" - აშშ-ს მიერ ირანზე დარტყმამ შესაძლოა "უარყოფითი შედეგების" რისკი გააჩინოს, ხოლო იერიშისგან თავის შეკავების შემთხვევაში "ირანი ამ ვითარებიდან უფრო ძლიერი გამოვა".
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.
აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.
მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".
"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".