ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.

მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში და ახალ ბულვარის მიმდებარედ აშენებულ ახალაშენებულ კორპუსებთან, რომლებიც არ არის დაერთებული ცენტრალური კანალიზაციის სისტემაზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დავითაძემ, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მერიას რეკომენდაციით მიმართა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში აესახათ თანხა შამბოს ამოსატუმბი სპეცმანქანის შესაძენად, მუნიციპალური სერვისების სამსახურმა კი გასცეს სპეციალური ვაუჩერები, რომლებსაც შამბოს ამოსატუმბად გამოიყენებენ.

მერია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პასუხობს, რომ პრობლემის მოგვარებას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში დაწყებული საქმის გაგრძელება და 60-70 მილიონი ევრო სჭირდება, თუმცა პროექტი „დროში გახანგრძლივებულია“, ამიტომაც შესაძლოა სამართლიანი იყოს მოთხოვნა ვაუჩერიზაციის სისტემის დანერგვაზე:

„2026 წლის ბიუჯეტის განხილვაზე საკრებულოს წევრების მიერ დადგა საკითხი, რომელიც შემდეგ ასახულია ბიუჯეტის შეფასების დასკვნით ნაწილში და რითაც მოთხოვნილია, რომ ბათუმის მერიამ გამოყოს საკმარისი დაფინანსება სპეციალური ტექნიკის შესაძენად და ვაუჩერების დასაფინანსელად, რომლითაც უფასოდ ისარგებლებს ის მოსახლეობა, რომელიც ვერ სარგებლობს ცენტრალიზებული წყალარინების სისტემებით“ – წერს მერია.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2026 წელია, მერიამ ქალაქის გარეუბნებში ე.წ. შამბოების პრობლემაზე საუბარი მაინც 2011-2012 წლების ქრონიკიდან დაიწყო და 2022 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრით გააგრძელა:

„2011-2012 წლებში ქალაქის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა ხელვაჩაურისა და ჩაქვის დასახლებების მიმართულებით, სადაც არ არსებობს ხსენებული სისტემები, რის გამოც მომხმარებელთა დიდი ნაწილი ნარჩენი წყლის შეგროვებას ახორციელებს შამბოებისა და ინდივიდუალური სეპტიკური ავზების საშუალებით, რომელთა-მოვლა პატრონობა ვერ ხორციელდება სათანადოდ და იწვევს ამ ტერიტორიების დაბინძურებას.

საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის შედგა შეთანხმება მე-5 ფაზის დაფინანსებაზე და 2022 წელს ხელი მოეწერა ახალ სასესხო ხელშეკრულებას 53 მილიონ ევროზე, სადაც 25 მილიონი ევრო არის ადგილობრივი თანამონაწილეობა. ამ დაფინანსების მიზანია წყალმომარაგების და წყალარინების ობიექტების სიმძლავრეების გაზრდა ქალაქისთვის და შემოერთებული ტერიტორიების ნაწილობრივი უზრუნველყოფა წყალარინების სისტემებით, კერძოდ აშენდება ცენტრალური კოლექტორი და სატუმბი სადგურები, რაც საშუალებას მისცემს ბათუმის წყალს განავითაროს დაქსელვა და განახორციელოს დამატებითი აბონენტების დაერთება ცენტრალიზებულ სისტემაზე.

ამ ღონისძიების შემდეგ საჭირო იქნება მე-6 ფაზა, რათა საკანალიზაციო სისტემები სრულად მოეწყოს ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის ტერიტორიებზე. რისთვისაც საჭირო იქნება დამატებით 60-70 მილიონი ევრო“ – წერს მერია ბათუმის საკრებულოს.

2011-2012 წლების შემდეგ 13 წელი გავიდა.

ამ 13 წლის განმავლობაში ბათუმის შემოერთებულ ნაწილში ასობით კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს, რომლებიც ე.წ. შამბოებსა და სეპტიკურ მოწყობილობებზეა მიმაგრებული. ამ შამბოებისა და სხვა მოწყობილობების მართვა, ისევ მერიას თუ დავეყრდნობით, „სათანადოდ ვერ ხერხდება და ტერიტორიების დაბინძურებას იწვევს.“

სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ მერიაში ვაუჩერიზაციის მოთხოვნას სამართლიანად, თუმცა პროექტს მიმდინარე წლის ბიუჯეტით ვერ დავაფინანსებთ, ჯერ მოკვლევა უნდა ჩაატაროთო, უპასუხეს საკრებულოს:

 „საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი მოკვლევა მომხმარებელთა რაოდენობის დასადგენად. გადამოწმდეს შამბოების/სეპტიკების ტექნიკური მდგომარეობა, მისაწვდომობა მძიმე ტექნიკის მიერ, ოპერირებისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა, ფინანსური საჭიროებების განსაზღვრა“.

ამ დავალებების შესრულებისთვის კი, მერია ამბობს, რომ კვლევის მომსახურების შესყიდვა სჭირდება:

„რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეფასდეს მსგავსი უფასო მომსახურების რელევანტურობა, ეფექტურობა და მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“ – წერს მერია.

ეს პასუხი იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ე.წ. შამბოების ეფექტურად სამართავად ბათუმში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

batumelebi.netgazeti.ge