ქარის ენერგიამ გაერთიანებული სამეფოს ენერგიის ხარჯები, 2010 წლიდან დღემდე, სულ მცირე 104 მილიარდი გირვანქა სტერლინგით შეამცირა - ამის შესახებ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კვლევაშია აღნიშნული. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ამ სარგებლის ყველაზე დიდი ბენეფიციარები, ბუნებრივი აირის მომხმარებლები არიან.

როგორც ირკვევა, 2010-2023 წლებში ქარის ენერგიის გენერაციის წყალობით, ელექტროენერგიის გადასახადები £14.2 მილიარდით შემცირდა, ვიდრე იმავე სიმძლავრის ენერგიის წარმოება გაზის ელექტროსადგურის გამოყენებით დაჯდებოდა.

კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ კვლევის თანახმად, გაზის გაიაფებით, რასაც წინ, ქარის ენერგიის წყალობით გაზზე მოთხოვნის შემცირება და ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროების არარსებობა უსწრებდა, £133.3 მილიარდი დაიზოგა.

იგივე პერიოდში, მომხმარებლებმა დაახლოებით £43.2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს მწვანე სუბსიდიების სახით, რომლებიც, გაზზე გადასახადების ნაცვლად, ელექტროენერგიის გადასახადებზე იყო დაწესებული. მკვლევრების თქმით, საბოლოო შედეგი 13-წლიანი პერიოდის განმავლობაში ენერგიის გადასახადების £104.3 მილიარდით შემცირება იყო.

საქმე ისაა, რომ ევროპის მასშტაბით განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ, გაზის როგორც მოხმარება, ასევე ღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა. ელექტროენერგიის კომპანიებს ბუნებრივ აირზე მომუშავე, ძვირად ღირებული ელექტროსადგურების აშენება აღარ უწევთ.

ანალიზი 2010-2023 წლებს მოიცავს, თუმცა მასში გათვალისწინებული არ არის 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაზის ფასის ცვლილების ტენდენციები.

კვლევის თანაავტორი აღნიშნავს, რომ ანგარიშით დასტურდება, თუ როგორ მოუტანა ქარის ენერგიამ გაერთიანებულ სამეფოს მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი. მეტიც, მისი თქმით, £104 მილიარდი ფუნტის წმინდა სარგებელი აღემატება იმ თანხას, £90 მილიარდს, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ გაზზე დახარჯა.

bm.ge