ქალთა საერთაშორისო დღისთვის Mattel-მა ქალების მეგობრობის შესახებ შეგვახსენა და იმ წყვილების თოჯინები შემოგვთავაზა, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ — სწორედ ესაა მათი წარმატების გასაღებიც… უფრო ზუსტად, Role Model-ის სერიის ფარგლებში 10 თოჯინა შემოგვთავაზეს და ასე ხაზი გაუსვეს იმას, თუ როგორ უჭერენ ქალები ერთმანეთს მხარს სხვადასხვა ინდუსტრიაში.
აქ შეხვდებით აშშ-ის ოლიმპიური ტანვარჯიშის ჩემპიონებს ჯორდან ჩაილსსა და ჯეიდ კერის, რომელთა მეგობრობაც კარიერის მამოძრავებელი ძალა იყო. ბარბის თოჯინებსაც მათი მსგავსი სპორტული კოსტიუმები აცვიათ, რათა ჩემპიონების საკონკურსო ჩაცმულობა მოგვაგონოს. ასე კი პატივს მიაგებენ იმ თავდადებასა და დისციპლინას, რომელმაც გოგონები გამარჯვებამდე მიიყვანა.
ბრიტანელი მსახიობები ჰანა ვადინგჰემი და ჯუნო ტემპლიც აქ არიან, Apple TV+-ის Ted Lasso-თი გახდნენ განსაკუთრებით ცნობილები, ახლა კი ბარბი მათ პროფესიულ კავშირსა და მეგობრობას მიაგებს პატივს.
თოჯინებს შორის ავსტრალიელ ჩოგბურთელებს ევონ კეულისა და ეშ ბარტის წყვილსაც ვხედავთ, როგორც სპორტის ყველაზე გავლენიან მოთამაშეებს. მათი ურთიერთობა რაღაც სრულყოფილს ჰგავს და მიგვანიშნებს სხვადასხვა თაობის სპორტსმენების კავშირზე.
ხოლო ბრაზილიელი მოდელები და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მხარდამჭერები პაოლა ანტონინი და კელენ ფერეირა ჩვენ ირგვლივ არსებულ ინკლუზიურ სამყაროს გვაჩვენებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, გვაძლევენ სიმამაცის მაგალითს მოდის ინდუსტრიაში.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაც გოგოს შეუძლია იარაღად გამოიყენოს, სხვა ქალების მხარდაჭერა და გამხნევებაა. რადგან ქალთა საერთაშორისო დღე ახლოვდება, Barbie ამაყად მიაგებს პატივს ლეგენდარულ მეგობარ ქალებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ჩვენ ვიცით, რომ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული მეგობრობა ხელს უწყობს სოციალურ და პროფესიულ ზრდას, შესაბამისად, გოგონებს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს“, — განმარტავს კრისტა ბერგერი, Barbie-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
მართალია, თოჯინების ახალი ნაკრები არ გაიყიდება, მაგრამ ასე ბარბი თავისივე მისიას ემსახურება, წინ წამოწიოს როლური მოდელების მნიშვნელობა და დაგვიმტკიცოს, რომ ურთიერთმხარდაჭერა შორს წაგვიყვანს…
წყარო: marketer.ge