მარტის დასაწყისში OpenAI-მ რამდენიმე დღის ინტერვალით ორი წამყვანი მოდელი გამოუშვა. პირველი იყო ახალი GPT-5.3 – ე.წ. მყისიერი მოდელი, რომელიც სწრაფი და ზუსტი პასუხებისთვისაა ოპტიმიზებული. ორი დღის შემდეგ კი GPT-5.4 ვიხილეთ – მოაზროვნე მოდელი, რომელიც ღრმა ანალიტიკურ სამუშაოზეა ორიენტირებული.
OpenAI-ის პირველი ახალი მოდელი სისწრაფისთვისაა შექმნილი და კითხვებზე პასუხს, ძირითადად, წამებში აბრუნებს. კომპანიის ოფიციალური რელიზის თანახმად, GPT-5.3 შექმნილია იმისთვის, რომ იყოს სწრაფი, საზრიანი მწერალი და ეფექტური კომუნიკატორი. 5.3 Instant უზრუნველყოფს უფრო ზუსტ, მდიდარ და უკეთ კონტექსტუალიზებულ შედეგებს ინტერნეტში ძიებისას. ეს მოდელი მკვეთრად განსხვავდება OpenAI-ის წინა „მყისიერი“ ვერსიებისგან. წარსულში მსგავსი მოდელები კითხვებზე პასუხისას მხოლოდ იმ საბაზისო ცოდნას ეყრდნობოდნენ, რაც ტრენინგის პროცესში მიიღეს. ახალი მონაცემების მოსაძიებლად ინტერნეტში ძრომიალის ნაცვლად, ისინი ძველ ცოდნას უბრუნდებოდნენ. წინა მოდელებისგან მარტივ კითხვებზე პასუხს კი მიიღებდით, მაგრამ მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებთან გამკლავება უჭირდათ – ისინი წარსულში იყვნენ ჩარჩენილები. GPT-5.3 კი სულ სხვაა. ის კვლავ ეყრდნობა წინასწარ მიღებულ ცოდნას, მაგრამ ახლა უკვე ოპტიმიზებულია საიმისოდ, რომ სწრაფად მოიძიოს და გააანალიზოს ინფორმაცია ინტერნეტიდან თუ სხვა წყაროებიდან. ის ბევრად უკეთ აბალანსებს ახალ აღმოჩენებსა და საკუთარ ლოგიკას.
გარდა ამისა, ახალი მოდელი ნაკლებად „მშიშარაა“. ადრე, როცა მოდელებს დრო არ ჰქონდათ მომხმარებლის განზრახვის სიღრმისეულად გასაანალიზებლად, ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც მცირე რისკს მაინც შეიცავდა, ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ. მაგალითად, თუ მშვილდოსნობისთვის ისრის ტრაექტორიის გამოთვლას სთხოვდით რაც ჩვეულებრივი ფიზიკის ამოცანაა, მოდელი ჯერ მორალს წაგიკითხავდათ იარაღის საშიშროებაზე და მხოლოდ გრძელი გაფრთხილებების შემდეგ გიპასუხებდით თუ საერთოდ გიპასუხებდათ. GPT-5.3 კონტექსტს ბევრად უკეთ იგებს და ხვდება, რომ ტრაექტორიაზე კითხვის დასმა ვინმეს მოკვლის მცდელობას არ ნიშნავს.
ტესტირების შედეგად, ეს ცვლილებები მართლაც იდეალურად მუშაობს. GPT-5.3 პირველი მყისიერი მოდელია, რომელიც არ ტოვებს „მოაზროვნე“ ვერსიების გაფუჭებული და გამარტივებული ასლის შთაბეჭდილებას. პირიქით, ის სრულფასოვან, მძლავრ მოდელად აღიქმება, რომელსაც თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც წინა „მოაზროვნე“ მოდელები აკეთებდნენ – ოღონდ ბევრად უფრო სწრაფად და ენერგიული ტექსტებით.
მოაზროვნე – GPT-5.4
სწორედ GPT-5.3-ის სისწრაფე და საზრიანობა აძლევს GPT-5.4-ს საშუალებას, იყოს სრულიად განსხვავებული. 5.3 „მშრომელია“, რომელიც ნებისმიერ კითხვაზე სწრაფ და კარგ პასუხს აგენერირებს, 5.4 კი ნამდვილი „მოაზროვნეა“.
პასუხის გაცემამდე ეს მოდელი საკითხს სიღრმისეულად იკვლევს. ტესტირებისას კომპლექსურ დავალებებზე პასუხის დასაბრუნებლად მას ზოგჯერ 5-10 წუთიც კი დასჭირდა. ბევრი მეცნიერისა თუ ანალიტიკოსის მსგავსად, მოდელი უკიდურესად ორიენტირებულია დეტალებზე და მისი პასუხებიც სრულყოფილია. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერივით, ისიც ოდნავ მოსაწყენია. მისი პასუხების კითხვა ტოსტერის ინსტრუქციის ან მომაბეზრებელი სამეცნიერო ნაშრომის კითხვას ჰგავს – ბევრს ისწავლით, მაგრამ პროცესი დიდად არ გაგართობთ.
ესეც ახალი მიდგომაა. ადრე, OpenAI-ის „მოაზროვნე“ მოდელები ყველაფრის ერთად კეთებას ცდილობდნენ – კოდის წერას, სამეცნიერო პრობლემების ანალიზსა და კრეატიულ წერას. შედეგად ვიღებდით მოდელებს, რომლებიც ყველაფერს ნორმალურად აკეთებდნენ, მაგრამ არაფერს – გამორჩეულად მაგრად. იმის გამო, რომ GPT-5.4-მა შემოქმედებითი და მსუბუქი წერის იდეა უკუაგდო, მან მიიღო სივრცე, რათა იდეალურად აკეთოს ის, რისთვისაც შეიქმნა: დაამუშაოს რიცხვები, შექმნას პროგრამული უზრუნველყოფა და გააანალიზოს მონაცემები.
GPT-5.4 ჰგავს ადამიანს, რომელსაც გადასახადების დათვლაში ან კვანტურ ფიზიკაში დასახმარებლად მიმართავდით, მაგრამ წვეულებაზე მის გვერდით ჯდომას ნამდვილად არ ისურვებდით. ის ფანტასტიკურია რთულ ანალიტიკურ ამოცანებში, მაგრამ შემოქმედებით და კომუნიკაციურ ნაწილს შეგნებულად გაურბის.
არის თუ არა ეს უკეთესი მიდგომა?
როცა ღრმა კვლევა ან რიცხვებთან და მონაცემებთან მუშაობა დაგჭირდებათ, მაგალითად, YouTube სტატისტიკის ანალიზისთვის, სჯობს GPT-5.4-ს მიმართოთ. როცა ჩატბოტთან საუბარი და სწრაფი პასუხი მოგინდებათ, 5.3 აირჩიეთ. შეგიძლიათ ჰკითხოთ მარტივი, ყოველდღიური რაღაცები – რატომ ვამთქნარებთ, რა მონეტა იპოვეთ ან როგორ გაწმინდოთ ქსოვილი. ასევე ხშირად იყენებენ სამსახურში მარტივი Python კოდებისთვის და ისეთი რუტინული ამოცანებისთვის, როგორიცაა ოთახის ფართობის გამოთვლა.
ერთი რამ, რაც GPT-5.3-ის გამოყენებისას ჩანს ის არის, რომ სისწრაფეს იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შეიძლება გეგონათ. ადრე წამებში პასუხის ლოდინში 5 წუთს დაკარგავდით, ახლა კი, როცა 5.3-ის პასუხები მართლაც ხარისხიანია, მომენტალურად მიღებული მონაცემები სამუშაო პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge