გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები და საკითხზე ინფორმირებული წყარო ამბობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პირველადი დისკუსიები დაიწყო ირანის წინააღმდეგ ომის შემდგომი ფაზის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება თეირანთან პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანთან ომში ამერიკა "მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა," რის ფონზეც მისი ადმინისტრაცია "ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში მობილიზებული დიდძალი სამხედრო ძალისხმევის შემცირებას განიხილავს".
წყაროების თქმით, ირანთან დიპლომატიის პოტენციურ აღდგენასთან დაკავშირებით დისკუსიებში ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, იღებენ მონაწილეობას.
Axios-ის მიხედვით, ომის დასამთავრებლად ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უნდა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, უნდა მოგვარდეს ირანის მფლობელობაში არსებული გამდიდრებული ურანის საკითხი და ასევე უნდა დამყარდეს გრძელვადიანი შეთანხმება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებთან, ასევე რეგიონში პროქსი ძალების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
წყაროებისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის მიხედვით, ბოლო დღეებში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა კატარის, ეგვიპტისა და გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით მხარეებს შორის გზავნილების გაცვლა ხდებოდა.
ეგვიპტემ და კატარმა აშშ-სა და ისრაელს აცნობეს, რომ ირანი დაინტერესებულია მოლაპარაკებების გამართვით, თუმცა ძალიან მკაცრი პირობებით. გამოცემის ინფორმაციით, ირანული მხარის მოთხოვნები მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, გარანტიებს, რომ ომი მომავალში არ გაგრძელდება და კომპენსაციას.
Axios-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის აზრითაც ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივა, ამბობს, რომ აშშ-ს სურვილია, ირანი ექვს პირობაზე დათანხმდეს, ესენია: 1. ხუთი წლით სარაკეტო პროგრამის შეჩერება; 2. ნულოვანი ურანის გამდიდრება; 3. ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული ობიექტების რეაქტორები დაშლა, რომლებიც აშშ-მ და ისრაელმა გასული წლის ივნისში დაბომბეს; 4. გარედან მკაცრ სადამკვირვებლო პროტოკოლები, რომელიც კავშირშია ცენტრიფუგების შექმნა-გამოყენებასთან და ტექნიკასთან, რომელიც შესაძლოა, ბირთვული იარაღის პროგრამის გასავითარებლად იყოს გამოყენებული. 5. შეთანხმებები შეიარაღების კონტროლზე მეზობელ ქვეყნებთან, რაც მოიცავს ზღვარს რაკეტების რაოდენობაზე, რომლის ჭერიც 1 000-ია; 6. არანაირი დაფინანსება პროქსი ძალებისთვის, როგორებიც არიან ჰეზბოლა ლიბანში, ჰუსიტები იემენში ან ჰამასი ღაზის სექტორში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ შაბათს, 21 მარტს, ინდოელ კოლეგას უთხრა, რომ ჰორმუზის სრუტეში ვითარების ნორმალიზაციისთვის საჭიროა, რომ აშშ-მ და ისრაელმა ირანზე თავდასხმები შეწყვიტონ და პირობა დადონ, რომ სამომავლოდ იერიშები არ გაგრძელდება.
თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა 20 მარტს აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გამართვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მისი თქმით, ამჯერად დაინტერესებული არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების დადებით.