YouTube-მა ფიფასთან ისტორიული ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ტურნირის ტრანსლაციის უფლების მფლობელ მაუწყებლებს საშუალება ექნებათ, მატჩები პირდაპირ ეთერში ვიდეოპლატფორმის საშუალებითაც გადასცენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგაზრდა და გლობალური აუდიტორიის მოზიდვას ემსახურება.
ფიფაში ამ პარტნიორობას თამაშის წესების შემცვლელს უწოდებენ. ხელშეკრულება მაუწყებლებს სთავაზობს, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირველი 10 წუთი YouTube-ზე ღიად აჩვენონ. ეს სტრატეგია ერთგვარი აპეტაიზერი იქნება, რამაც ახალგაზრდა გულშემატკივრები ტრადიციული სატელევიზიო არხებისკენ უნდა მიიზიდოს.
გარდა ამისა, ფიფას განცხადებით, ტელეკომპანიებს შეეძლებათ გარკვეული რაოდენობის მატჩები სრულადაც აჩვენონ საკუთარ YouTube არხებზე. გარიგების ფინანსური დეტალები არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ფიფა პლატფორმაზე თავის ვრცელ არქივსაც განათავსებს, რაც ისტორიული მატჩების სრულ ჩანაწერებსა და საკულტო მომენტებს მოიცავს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ, YouTube-ის კონტენტის შემქმნელებიც აქტიურად გააშუქებენ. მათ 104-ვე მატჩზე უპრეცედენტო წვდომა ექნებათ.