უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საექსპერტო მხარდაჭერა სთხოვა ახლო აღმოსავლეთში.

„არსებობს მოთხოვნები აშშ-ის მხრიდან რეგიონის ორ რაიონში მათი სამხედრო პერსონალისთვის საექსპერტო მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილავთ ევროპელი პარტნიორების მოთხოვნებს, რომელთა ძალებიც რეგიონში არიან განლაგებულნი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული ჯგუფები უკვე მუშაობენ ხუთ ქვეყანასთან „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.

„ჩვენ მივაწოდეთ ექსპერტების შეფასებები და ვეხმარებით თავდაცვის სისტემის მშენებლობაში“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

როგორც ზელენსკი წერს, უკრაინა მზად არის ირანის გარშემო ვითარების სტაბილიზაციაში მიიღოს მონაწილეობა. მისივე თქმით, ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივანს დაავალა, შეაფასოს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების აღდგენასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინიციატივები და ქვეყნების მზაობა სტაბილიზაციის მისიებში მონაწილეობისთვის.

1tv.ge