ორთქლის ძრავა ბევრს ძველ ტექნოლოგიად წარმოუდგენია, თუმცა ბრიტანელმა ინჟინერმა გრეიმ საიკსმა დაამტკიცა, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში მას ექსტრემალური სიჩქარის მიღწევაც შეუძლია. მის მიერ შექმნილმა მოტოციკლმა, სახელწოდებით Force of Nature, გაერთიანებულ სამეფოში, „სანტა პოდის“ ტრასაზე, რეკორდული შედეგი აჩვენა.

Force of Nature ორთქლის ენერგიაზე მუშაობს და რეაქტიულ ძრავას არ იყენებს. სწორედ ამიტომ მისი შედეგი განსაკუთრებით გამორჩეულია: მოტოციკლმა 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 0.4 წამში შეძლო, მეოთხედი მილი, ანუ დაახლოებით 402 მეტრი, 5.5 წამში დაფარა, ფინიშთან კი მისი სიჩქარე თითქმის 310 კმ/სთ იყო.

პროექტის ავტორი, კონსტრუქტორი და პილოტი თავად 62 წლის გრეიმ საიკსია. მან Force of Nature-ზე მუშაობა 2022 წელს დაიწყო და დღეს უკვე მოტოციკლის მეხუთე მოდიფიკაციაზე მუშაობს. საიკსი დარწმუნებულია, რომ მომავალში საკუთარ შედეგს გააუმჯობესებს და მეოთხედი მილის დაფარვას 5 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

ამ დროისთვის Force of Nature ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მოტოციკლია იმ კატეგორიაში, რომელიც რეაქტიულ ძრავას არ იყენებს. მართალია, მეოთხედ მილზე უფრო სწრაფი შედეგი რაკეტული მოტოციკლითაც დაფიქსირებულა, თუმცა ორთქლზე მომუშავე ბაიკისთვის ეს მიღწევა ტექნოლოგიურად განსაკუთრებული შემთხვევაა.

Force of Nature-ის ისტორია კარგად აჩვენებს, რომ ინოვაცია ყოველთვის ახალი ტიპის ძრავას არ ნიშნავს. ზოგჯერ ძველი ტექნოლოგიის სრულიად განსხვავებულად გამოყენებაც საკმარისია იმისთვის, რომ ავტო და მოტოსამყაროში ახალი რეკორდი დაიწეროს.

www.crystalauto.ge