ამერიკელმა მეცნიერებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები შექმნეს, რომლებსაც მამონტების ბეწვი აქვთ, - წერს The Guardian-ი.

ბიოტექნიკური კომპანიის Colossal Biosciences-ის სპეციალისტებმა 38 ჯანმრთელი ბეწვიანი თაგვი შექმნეს. მათ თაგვების გენის რედაქტირება მოახდინეს, რომელიც მღრღნელების ბეწვის სიგრძეს, სიხშირეს, ფერსა და ტექსტურას განსაზღვრავს. ამისთვის მათ დნმ-ის ტექნოლოგია გამოიყენეს.

მეცნიერების თქმით, ახალი კვლევა აძლევს მათ საშუალებას დაამტკიცონ, რომ რთული გენეტიკური კომბინაციების აღდგენა შესაძლებელია, მაშინ როდესაც ბუნებას ამისთვის მილიონობით წელი დასჭირდა.

Colossal Biosciences-ის სპეციალისტების მიზანი მამონტების დაბრუნებას ემსახურება. ამისთვის ისინი აზიური სპილოს გენის რედაქტირებას აპირებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ პირველ მამონტის მსგავს ნაშიერს უკვე 2028 წელს მიიღებენ.

კვლევისთვის 435 მილიონი დოლარია გამოყოფილი. კვლევის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს პერის ჰილტონმა, პიტერ ჯექსონმა, კრის ჰემსვორთმა და სხვებმა.

მამონტის დნმ სპეციალისტებმა მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს. მეცნიერები აპირებენ, რომ სპილო მამონტის სუროგატ დედად გამოიყენონ. ჯერჯერობით მათთვის უცნობია შეძლებს თუ არა მამონტის დნმ-ით დაბადებული ნაშიერი თანამედროვე კლიმატურ პირობებში სიცოცხლეს.

წყარო: imedinews.ge