ამბობენ, რომ ამქვეყნად გარდაუვალი მხოლოდ სიკვდილი და გადასახადებიაო. თუმცა, როგორც ჩანს, Meta-ს ახალი იდეა ამ მოკლე სიას სოციალურ ქსელებსაც დაამატებს. ტექნოლოგიურმა გიგანტმა დეკემბერში პატენტი მიიღო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებლის სიმულაციას გულისხმობს – მაშინაც კი, თუ ის პლატფორმას დიდი ხნით ტოვებს ან სულაც გარდაცვლილია.
პატენტი მოიცავს ბოტს, რომელსაც შეუძლია თქვენი აქტივობის იმიტაცია Meta-ს სხვადასხვა პროდუქტში, იქნება ეს Facebook, Instagram თუ Threads. მას შეეძლება პოსტების გამოქვეყნება, კომენტარების დატოვება და სხვა მომხმარებლებთან ინტერაქცია. დოკუმენტის მიხედვით, ბოტმა შესაძლოა პირდაპირი კომუნიკაციაც კი დაამყაროს ადამიანებთან ჩატის ან ვიდეოზარის მეშვეობით.
თუმცა, სანამ სერიალ „შავ სარკეს“ გაიხსენებდეთ, Meta-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიას ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ აქვს. პატენტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ სოციალური ქსელიდან მომხმარებლის გასვლა გავლენას ახდენს სხვების გამოცდილებაზე, ხოლო ეს გავლენა გაცილებით მძიმე და მუდმივია, როდესაც მომხმარებელი გარდაცვლილია და უკან ვეღარასდროს დაბრუნდება.
ჟღერს თუ არა ეს შემზარავად? რა თქმა უნდა. არის თუ არა უპრეცედენტო? არც ისე. ჯერ კიდევ 2021 წელს Microsoft-მა დააპატენტა ჩატბოტი, რომელიც გარდაცვლილ ადამიანებთან ან ცნობილ სახეებთან საუბრის საშუალებას იძლეოდა, თუმცა მაშინ კომპანიის AI პროგრამების ხელმძღვანელმა ტიმ ო’ბრაიენმა თავადვე აღიარა, რომ იდეა „შემაშფოთებელი“ იყო. ბაზარზე უკვე არსებობენ სტარტაპები (Eternos, HereAfter AI), რომლებიც „ციფრული ტყუპების“ შექმნაზე მუშაობენ.
თავად მარკ ცუკერბერგმაც ისაუბრა ამ კონცეფციაზე დაახლოებით ორწლინახევრის წინ, ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში. მისი თქმით, საყვარელი ადამიანის დაკარგვისა და გლოვის დროს, მოგონებების გაცოცხლება და ინტერაქცია შესაძლოა დამხმარე აღმოჩნდეს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ტექნოლოგია შეიძლება „არაჯანსაღიც“ გახდეს.
Meta-ს ჩატბოტი გააანალიზებს მომხმარებლის სპეციფიკურ მონაცემებს – პოსტებს, ხმოვან შეტყობინებებს, ჩატებს, კომენტარებსა და მოწონებებს, რათა შექმნას ციფრული პერსონა, რომელიც მომხმარებლის ქცევას მიბაძავს. მართალია, ბოტი მიუთითებს, რომ პასუხები სიმულაციაა და არა რეალური ადამიანის ნააზრევი, მაგრამ პატენტში ნახსენები არ არის ისეთი ეთიკური ბარიერები, როგორიცაა პირადი მიმოწერები. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა მშობელი მეუღლესთან პირად საუბარში შვილზე ჩივის, წლების შემდეგ კი ბოტი ამ ინფორმაციას შვილს აწვდის. ხელოვნურ ინტელექტს ხომ ჯერ არ ესმის სოციალური ნიუანსები და ის, თუ როდის სჯობს სიჩუმე ან „კეთილი ტყუილი“ მწარე სიმართლეს.
ამჟამად Meta გარდაცვლილი მომხმარებლებისთვის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: გვერდის სამუდამოდ წაშლას ან მის მემორიალად გადაქცევას. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს თემა, Meta-ს სიკვდილზე ფიქრის საფუძვლიანი მიზეზი აქვს. კვლევების თანახმად, 2050 წლისთვის Facebook-ზე გარდაცვლილი მომხმარებლების რაოდენობა ცოცხლებს გადააჭარბებს.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge