გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა კუნძულზე სამედიცინო გემის გაგზავნის შესახებ ტრამპის შეთავაზებაზე უარი თქვა.
როგორც იენს-ფრედერიკ ნილსენი სოციალურ ქსელში წერს, გრენლანდიას აქვს ჯანდაცვის სისტემა, სადაც მოქალაქეებისთვის მკურნალობა უფასოა.
„ჩვენ გავეცანით პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას გრენლანდიაში ამერიკული სამედიცინო გემის გაგზავნის შესახებ, თუმცა ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა, სადაც მოქალაქეებისთვის მკურნალობა უფასოა. ეს შეგნებული არჩევანია. აქ არ არის ისე, როგორც შეერთებულ შტატებში, სადაც ექიმთან წასვლას ფული სჭირდება“, – წერს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.
ნილსენმა აღნიშნა, რომ გრენლანდია კვლავ ღიაა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.
„სოციალურ მედიაში შემთხვევითი კომენტარების გაკეთების ნაცვლად, პირადად დაგველაპარაკეთ. დიალოგი და თანამშრომლობა მოითხოვს პატივისცემას, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები სახლში მიიღება“, – წერს ნილსენი.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, ლუიზიანის გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამედიცინო გემს გაგზავნის. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათი. ტრამპის ეს პოსტი მოგვიანებით თეთრმა სახლმაც გააზიარა. შეგახსენებთ, რომ ჯეფ ლენდრისი ასევე არის გრენლანდიის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი.