გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ირანმა რუსეთთან იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით €500 მილიონის ღირებულების საიდუმლო შეთანხმება დადო, რომლის ფარგლებშიც რუსეთი აპირებს, ირანს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და მხრიდან სასროლი რაკეტები მიაწოდოს.
Financial Times ნანახ დოკუმენტსა და საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დეკემბერში მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებით რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ სამი წლის განმავლობაში ირანს 500 ერთეულ ხელით გადასატან Verba-ს ტიპის გამშვებ სისტემასა და 2 500 ცალ 9M336 ტიპის რაკეტას მიაწოდებს.
გამოცემა წერს, რომ Verba რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემაა და მას ფრთოსანი რაკეტების, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტებისა და დრონების მიზანში ამოღება შეუძლია.
FT-ს ცნობით, €495-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში, ირანისთვის იარაღის მიწოდება სამ ტრანშად იგეგმება, რომელიც 2027 წლიდან 2029 წლამდე გაგრძელდება. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს თქმით, შესაძლებელია, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მცირე რაოდენობა რუსეთმა ირანს უკვე მიაწოდა.
გამოცემის მიხედვით, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სისტემები თეირანმა რუსეთისგან ფორმალურად გასული წლის ივლისში, 12-დღიანი ომის შემდეგ, მოითხოვა.