ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, „სილქ როუდ ჯგუფის“ წინააღმდეგ ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ინვესტორს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროექტთან დაკავშირებული პირობები, რომლებიც კომპანიამ ადგილობრივებთან და ხელისუფლებასთან შეთანხმების ფარგლებში აიღო, ამ დრომდე არ შესრულებულა.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ხელშეკრულების შეწყვეტასა და ქონების უკან დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ქუჩის პროტესტთან ერთად სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით ინვესტორის კეთილ ნებას, მაგრამ მას ეს ნება და ღირსება, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა, ამიტომ გადავედით სამართლებრივ სივრცეში. მას მთელი რიგი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ხელშეკრულებით, მან ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები არ შეასრულა. ჩვენ ეს დოკუმენტაცია გადავეცით 4 დღის წინ აჭარის მთავრობას და ახლა ვსვამთ კითხვას აჭარის ხელისუფლებას, რა ზომები გაატარა ან რა ზომების გატარებას აპირებს მომავალში იმისთვის, რომ ეს ინვესტორი იყოს, ასე ვთქვათ, დასანქცირებული," - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

tvpirveli.ge