2025 წელს, ხელოვნურმა ინტელექტმა ბევრი დამსაქმებელი „მოლოდინის რეჟიმში“ გადაიყვანა – კომპანიები აკვირდებოდნენ, რას შეცვლიდა ტექნოლოგია. თუმცა, 2026 წელს სურათი იცვლება. ახალი მონაცემები მიანიშნებს, რომ ბიზნესები ბაზარზე ბრუნდებიან, ამჯერად, კონკრეტული უნარების ძიებაში.
Upwork-ის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, ფრილანს პლატფორმებზე AI-სპეციფიკურ ცოდნაზე მოთხოვნა ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგდა. თუმცა, პარადოქსულია, რომ ამ ტექნოლოგიური ბუმის პარალელურად, დამსაქმებლების თითქმის ნახევარი განსაკუთრებულ უპირატესობას ისეთ ადამიანურ უნარებს ანიჭებს, როგორიცაა კრეატიულობა, ემოციური ინტელექტი და მედეგობა. როგორც ორგანიზაციული ფსიქოლოგი და Upwork-ის უფროსი მკვლევარი, გაბი ბურლაკუ განმარტავს, იზრდება არა იმდენად AI-ჯენერალისტებზე ან დეველოპერებზე მოთხოვნა, არამედ იმ კადრებზე, რომლებსაც ტექნოლოგიის კონკრეტულ კონტექსტში გამოყენება შეუძლიათ.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ უნარებზე მოთხოვნა წლიურად 109%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ნახტომი – 329%-იანი ზრდა – AI ვიდეო კონტენტის შექმნამ განიცადა, მას მოსდევს AI ინტეგრაცია (178%) და მონაცემთა ანოტაცია (154%).
თუმცა, ბიზნესლიდერები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ე.წ. „რბილი უნარები“ ახალი ტექნოლოგიების სასიცოცხლო მამოძრავებელია. მათ სჭირდებათ ადამიანური განსჯის უნარი და ინოვაციური ხედვა. ამიტომაც, კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარებს შორის პირველ ადგილზე არა უშუალოდ ხელსაწყოს შექმნა, არამედ სწავლის სისხარტე და ადაპტაციის უნარი გადის. კვლევა ადასტურებს, რომ AI არა ადამიანების ჩანაცვლებას, არამედ არსებული როლების გაძლიერებას ემსახურება.
ბაზრის „გამოღვიძება“
როგორც წესი, როცა ბაზარზე ახალი ტექნოლოგია შემოდის, დამსაქმებლები თავდაპირველად თავს იკავებენ და აკვირდებიან მის შესაძლებლობებს. ახლა კი ეს ეტაპი გავლილია. ბიზნესები „სათადარიგო სკამიდან“ დგებიან და აქტიურად ეძებენ იმ ხალხს, ვინც ამ ტექნოლოგიას თავის საქმეში განსხვავებულად და ეფექტურად გამოიყენებს.
AI და სამუშაო ძალა
ამ ტენდენციას McKinsey-ის უახლესი კვლევაც ადასტურებს, რომელმაც 7000-მდე უნარი შეისწავლა. შედეგები აჩვენებს, რომ მომავალი არა რობოტების, არამედ „უნარების პარტნიორობისაა“. კვლევის მიხედვით, უნარების დაახლოებით 70% ტექნოლოგიებით შეიძლება გაძლიერდეს, 12% სრულად ადამიანურ ექსპერტიზას მოითხოვს და მხოლოდ 18%-ია ისეთი, რომლის სრულად ავტომატიზაციაც არის შესაძლებელი.
McKinsey-ში აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ, თანამშრომელს არ დასჭირდება ღრმა ტექნიკური ცოდნა AI-ინსტრუმენტების შესაქმნელად. მთავარი გამოწვევა იქნება ტექნოლოგიის გამოყენება საკუთარი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ეს არ არის ეხება მხოლოდ ათვისებას, ეს უფრო სამუშაო პროცესის სრული გადააზრებაა.
გარდამავალი ეტაპი უკვე დაწყებულია
Workday-ის მონაცემებით, ცვლილებების ტემპი უპრეცედენტოა. თუ ადრე რეზიუმეში Word-ის ან სოციალური მედიის ცოდნით იწონებდნენ თავს, ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად ითვისებ სიახლეებს. საბედნიეროდ, 83% ამბობს, რომ AI ახალი უნარების ათვისებაში ეხმარებათ.
თუმცა, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი ხდება კონტექსტის აღქმა, ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება და კონფლიქტების მართვა. Workday-ის გენერალური მენეჯერი, აშნა კირჩერი ხაზს უსვამს, რომ ტექნიკური უნარები კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანური ღირებულებები და ემოციური ინტელექტი თანდათანობით კიდევ უფრო დიდ წონას იძენს, ვიდრე უშუალოდ ტექნოლოგიური ცოდნა.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge