Mobile World Congress (MWC) 2025-ზე Lenovo-მ Yoga Solar PC Concept წარადგინა — ლეპტოპი, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება. ამას კი ეკრანის უკან მოთავსებული მზის პანელით ახერხებს, რომელიც შთანთქავს სხივებს და მას სასურველ ენერგიად გარდაქმნის.

Yoga Solar PC-ს 84 მზის ელემენტი აქვს, რისთვისაც Back Contact Cell ტექნოლოგიას იყენებს. ამგვარად, ენერგიის მაქსიმალურად შთანთქმას უწყობს ხელს. თუ ლენოვოს დავუჯერებთ, 24%-ით გაუმჯობესებულია კონვერტაცია. მარტივად რომ გითხრათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპმა ვიდეო ერთი საათის მანძილზე რომ ჩართოს, ამისთვის მზის პირდაპირი სხივების მხოლოდ 20-წუთიანი ზემოქმედებაც საკმარისი იქნება. 

ტრადიციული მზის პანელებისგან განსხვავებით, არსებული სისტემა ენერგიას შიდა განათებიდანაც იღებს, რითაც დღის მანძილზე ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას აუმჯობესებს. მიუხედავად ამისა, თხელ და თანამედროვე ვიზუალს მაინც ინარჩუნებს: სისქეში 15 მილიმეტრია და დაახლოებით ერთ კილოს იწონის. 32 GB RAM-სა და 1-ტერაბაიტიან მეხსიერებას გვთავაზობს. ეკრანი 14-ინჩიანია და მაღალი რეზოლუციის გამოცდილებას გვპირდება. 

ლეპტოპთან ერთად, Lenovo-მ Solar Power Kit-ის კონცეფციაც გაგვაცნო — პორტატიული დასამუხტი საშუალებაა, USB-თი დატენასაც შესაძლებელს ხდის და Power Bank-ადაც გამოდგება. თანაც, მისი გამოყენება პოტენციურად ყველა მოწყობილობისთვის იქნება შესაძლებელი…

წყარო: marketer.ge