ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი The Economist-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში კაცობრიობის ერთობლივ ინტელექტს გადააჭარბოს, ხოლო ათი წლის შემდეგ ადამიანებმა მასზე კონტროლი ვეღარ შეინარჩუნონ.
მასკის შეფასებით, თუ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება და ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის სასარგებლო ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული, მსოფლიო „საოცარი სიუხვის ეპოქაში“ შევა.
მისი თქმით, ასეთ რეალობაში ადამიანებს პრაქტიკულად ყველაფერზე ექნებათ წვდომა, რისი წარმოდგენაც შეუძლიათ.
„ყველაზე მოსალოდნელი შედეგი საოცარი სიუხვის ეპოქაა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ჰქონდეს ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეუძლია. შესაძლოა, ეს აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ ახლა 2026 წელია. ვნახოთ, სად ვიქნებით 2036 წელს“, – განაცხადა მასკმა.
მისივე თქმით, ამ სცენარს შეიძლება ხელი შეუშალოს მხოლოდ მასშტაბურმა გლობალურმა კრიზისმა, მათ შორის თერმობირთვულმა ომმა, თუმცა, თუ მსგავსი მოვლენა არ განვითარდება, კაცობრიობა ტექნოლოგიური კეთილდღეობის ახალი ეპოქისკენ მიემართება.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ არარეალისტურია იმის მოლოდინი, თითქოს ადამიანები მათზე გაცილებით ინტელექტუალურ ხელოვნურ ინტელექტს სრულად გააკონტროლებენ. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდეს ისეთი ღირებულებები, რომლებიც კაცობრიობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ემსახურება.
„ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს სიმართლის ძიებაზე და ჰქონდეს ცნობისმოყვარეობა. თუ ასე იქნება, ვფიქრობ, ის კაცობრიობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ილონ მასკმა.